|
  • EUR 1 = GEL 3.6138
  • USD 1 = GEL 3.0743
|

"2023 წლისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად"

"ნიუპრესი" განაგრძობს მკითხველისთვის ქუთაისის მერობის კანდიდატების გაცნობას. ამჯერად, "შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატს, ალუდა გოგლიჩიძეს წარმოგიდგენთ.


-როგორ ფიქრობთ, რა არის ქალაქისთვის მთავარი გამოწვევა?

-პირველ რიგში, მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს. იმ სახით, როგორითაც დღეს თვითმმართველობა მუშაობს, შეუძლებელია ადამიანმა კარგი მომსახურება მიიღოს. ურბანული განვითარებაა შესაცვლელი, ქალაქს გენერალური გეგმა სჭირდება. ჩვენ გვაქვს ტრამვაის გაკეთების ინიციატივა, აეროპორტიდან ცენტრალურ უბნამდე ასევე საკონცერტო დარბაზის იდეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის. სპორტის მხრივ, კატასტროფული მდგომარეობაა. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ინფრასტრუქტურაზე, ის რომ წყალმომარაგების სისტემა ქალაქმა უნდა მართოს, უდავოა.

ადაპტირებული გარემო უნდა იყოს შშმ პირებისთვის. ტრანსპორტიც უნდა გავიაზროთ ისე, როგორც ქალაქის რეკლამა. გვინდა, რომ სამარშრუტო ტაქსები ბრენდირებული იყოს, მათზე უნდა აისახოს ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მართალია, კერძო კომპანიებს ეკუთვნის სამარშრუტო ტაქსები, თუმცა რატომ არ უნდა ეცვათ მძღოლებს ისე, როგორც საჯარო სამსახურში?

 ქალაქს არა აქვს მიწათსარგებლობის გეგმა. ამ მიწათსარგებლობის გეგმის მოსამზადებელი სამუშაოების დოკუმენტი არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო მან ვერ ჰპოვა განვითარება. მიზეზი ცხადია მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე ხელების ფათური შეზღუდულია. გაუმართლებელი მიგრაცია, რომელიც არის კომპლექსური პრობლემების გამოხატულება. ეს არის დადასტურება, რომ ადამიანები ამ ქალაქში ვერ პოულობენ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას. გარემო არ იძლევა, რომ მათ თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ და რა ეღობება?- ეღობება ნეპოტიზმი, გაუმჭირვალე მმართველობა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა. არავითარი შეფასებისა და ანგარიშგების თანამედროვე სისტემა არ არსებობს. 

ქალაქი უნდა გახდეს პოლიტიკურად აქტიური. 2023 წლისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ  ევროპის ახალგაზრდული დედაქალის სტატუსის მოსაპოვებლად.

 

-გამარჯვების შანსებზე რას იტყვით, ელოდებით თუ არა მეორე ტურს და ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

 

-მთავარი კონკურენტი, როგორც ინერციით ხდება, სახელისუფლებო ძალის წარმომადგენელია. ხელისუფლება არ არის კონკურენტი, სახელისუფლებო პარტიები ცდილობდნენ სახელისუფლებო და მმართველი პარტია გაეგივებინათ. ხელისუფლება სტატუსს არაკეთილსინდისიერად იყენებს.

შედეგს, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები აჩვენებს, ქუთაისმა უნდა აირჩიოს ისეთი მერი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება ქალაქს და მზადაა ყველაფერი გააკეთოს. შედეგი დამოკიდებულია ქალაქის საჭიროებაზე და იმაზე, თუ როგორი მომავალი 4 წელი სურს ქალაქს.

მეორე ტური რასაკვირველია იქნება, უაზროა იმაზე საუბარი, რომ რომელიმე კანდიდატი უალტერნატივოა და პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას.

 

-რატომ უნდა დაგიჭიროთ ამომრჩეველმა მხარი?

-იმიტომ, რომ მე ამ საქმიანობას ვეწევი დიდი ხანია, ვაგრძელებ, ეს ჩემი საქმეა, მე არ ვერთვები ამ მარათონში იმისთვის, რომ ფული ვაკეთო და ასე შემდეგ არ ვაპირებ ახლო მეგობრებისა და ნათესავების დასაქმებას, მე ამის შესაძლებლობა ძალიან ბევრჯერ მქონდა,  არაერთ თანამდებობაზე მიმუშავია. ეს არის ჩემთვის პროფესიონალური გამოწვევა, ვიცი რა უიმედურ მდგომარეობაშია ქალაქი. მოსახლეობას რწმენა დაკარგული აქვს პოლიტიკოსების მიმართ, ჩემი ქალაქია და ვიცი მისი სპეციფიკა.

-როგორი მერი იქნებით?

-ძალიან ღია, გახსნილი, უშუალო. ვხვდები სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების ადამიანებს. ვეუბნები მათ, რომ არჩევნების შემდეგ ყოველ სამ თვეში ისევ შევხვდებით. პირველი 6 თვის განმავლობაში ორ თვეში ერთხელ ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შევხვდები, მომავალ ექვს თვეში ორჯერ და ღია კარის ტიპის შეხვედრებს გავაგრძელებ საჭიროების მიხედვით.

დღევანდელი მმართველობის სისტემა აბსოლუტურად ჩამორჩენილია. ძველი საბჭოურია გადმონაშთია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, არანაირად არის მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი მომსახურება. ახალი სიტემა, რომელსაც შევიმუშავებთ, მაქსიმალურად იქნება მორგებული მოსახლეობაზე, ამის კეთება უნდა დაიწყოს. მე არ ვპირდები ქუთაისს რომ ერთ კვირაში, თვეში ან ერთ წელში სრულიად შეცვლილ ქუთაისში გაიღვიძებენ. ეს იქნება ტყუილი. ყველაფერი ნაწილობრივად უნდა მოგვარდეს და ამას დრო დასჭირდება.

 

-დამარცხების შემთხვევაში თუ აპირებთ აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას?

-იმის დასამტკიცებლად, რომ მე დამარცხების შემთხვევაშიც ვრჩები ქუთაისის აქტიურ პოლიტიკაში და ამასთან დაკავშირებული კითხვების გასაქრობად, სიის პირველი ნომერი ვარ. არ მქონდა პრეტენზია სიაში ლიდერობაზე, თუმცა ეს იქნება დასტური იმისა, რომ ქუთაისში პოლიტიკურ ცხოვრებას აუცილებლად გავაგრძელებ.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.59%
უარყოფითად - 47.06%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.35%
სულ - 68 ხმა