|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქის მერი, გარდა იმისა, რომ საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, მოვალეობებსაც არ ასრულებს"

ქალაქის მერი, გარდა იმისა, რომ საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, მის მოვალეობებსაც არ ასრულებს და  ხშირად შესაბამისი ანგარიშების წარდგენითაც არ იწუხებს თავს, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა შუშანიამ. 

მისი განცხადებით, რაც საკრებულოს სხდომაზე ხდება, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ არაკვალიფიციურობის ზეიმია ქუთაისში. 

 "ჩვენ საკრებულოს სხდომაზე მეორე საკითხად ვიღებთ დადგენილებას, რომელიც წინა საკრებულოს სხდომაზე მივიღეთ და აღმოჩნდა, რომ ის თურმე კანონმდებლობას არ შეესაბამება და ერთი თვის წინ მიღებული დოკუმენტი გასაუქმებელი გაგვიხდა და ახლა ახალ დოკუმენტს ვიღებთ. სანამ იუსტიციის სამინისტრომ მერიას არ მოწერა და არ უთხრა, რომ ეს არ შეიძლება, ეს ვერავინ გაარკვია. (საკითხი ეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესს.) ასევე ჩვენ ვიღებთ სულ ახლახანს მიღებულ საშტატო ნუსხაში ცვლილებებს...

ასევე  290 ათასი ლარის დამატება ხდება ორმოული შეკეთებისათვის,  500 ათასი ლარი უკვე დახარჯულია და ქალაქს ამ მიმართულებით არაფერი ეტყობა.  ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს თანხა გზების დაგებაში დაიხარჯა, რომელიც მერიამ ტენდერის გარეშე დააგო, იმისათვის, რომ მოესწროთ და ქალაქის მერის 100 დღის მუშაობის შემაჯამებელ კლიპში შესულიყო. 

ტენდერების გარეშე დაიგო, მაგალითად, კინო "საქართველოს" წინ მდებარე ქუჩა, იქ არ გამოცხადებულა ტენდერი, არ არის ნორმები დაცული, ტენდერის და ნორმების დაცვის შემთხვევაში კომუნიკაციები უნდა გამოცვლილიყო. ამ მუხლიდან თანხების ხარჯვის შემთხვევაში დარღვეულია მოთხოვნები.

ქალაქის მერმა დიდი ხანია დაარღვია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლი, არაუგვიანეს თებერვლისა მას საკრებულოსათვის შესყიდვების გეგმა უნდა წარმოედგინა. მერის მოადგილე იუზა უგლავა აცხადებს, რომ ეს გეგმა წარმოადგინეს, თუმცა ოფიციალურად საკრებულოში ეს დოკუმენტი არ შემოსულა. მას ავალდებულებს ასევე კანონი ყოველთვიურად  წარმოადგინოს სარეზერვო ფონდიდან დანახარჯები, რაც არ არის წარმოდგენილი. 

გარდა იმისა, რომ მერი საერთოდ პატივს არ ცემს საკრებულოს და არ ესწრება სხდომებს, ამ კანონმდებლობით მის მოვალეობებსაც არ ასრულებს და ხშირად შესაბამისი ანგარიშების წარდგენითაც არ იწუხებს თავს", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ტრადიციულად არ დასწრებია. საკრებულომ განსახილველად 12 საკითხი გამოიტანა. ოპოზიციის უკმაყოფილება საბიუჯეტო ცვლილებების, ასევე რამდენიმე სხვა საკითხის დამტკიცებას მოყვა. სხდომაზე საკითხების განხილვა ხმამაღალი კამათის ფონზე მიმდინარეობდა. შუშანიას მერის მოადგილემ  იუზა უგლავამ  უპასუხა. მისი განცხადებით, მერს სარეზერვო ფონდის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა არ ევალება.  "მანახეთ ეგ კანონი, რის საფუძველზე ევალება სარეზერვო ფონდის ანგარიშის წარდგენა"- განაცხადა უგლავამ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა