"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი "კონსერვატორია"
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ნომრად "კონსერვატორი" წარადგინა. ნიკა ლატარია 2012 წელს ბლოკში „კონსერვატიული პარტიის" სახელით შევიდა. ლატარია, რომელიც ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, რამდენიმე თვის წინ პოლიტიკიდან წასვლას აანონსებდა. მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა, რითაც მის მიერ აღებული პრემია - დანამატების გამო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ლატარია აცხადებდა, რომ მან ბევრი საქმე გააკეთა ქალაქისთვის და უკვე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავდა. მოგვიანებით, ის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. "ნიუპრესის" კითხვაზე, რამ შეაცვლევინა გადაწყვეტილება,განაცხადა: „პირდაპირ რომ გითხრათ, არ ვფიქრობდი პოლიტიკაში მონაწილეობას, მაგრამ მქონდა „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები და კარგი ქალაქის მერი ეყოლება ქუთაისს, ამან გადამაწყვეტინა და იმ ადამიანებებმა, რომლებიც არიან წარმოდგენილნი, ამიტომ გადავწყვიტე მათ გვერდით ვყოფილიყავი, ვთვლი, რომ ვჭირდები ჩემ ქალაქს“, –განაცხადა ლატარიამ.
მისი განცხადებით, დიდი პატივია პარტიის ნდობა. „დიდი პატივია ჩემდამი გამოცხადებული ნდობა და ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას. ვპირდები, ჩემს ქუთაისს, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, წესიერად ვემსახურები და მაქსიმუმს გავაკეთებს გამარჯვებისთვის“, –განაცხადა ლატარიამ.
მისივე თქმით, ის არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი „კონსერვატიული“ პარტიიდან. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობას, ლატარაია ამბობს, რომ ჯერ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის. ლატარია ქუთაისში არჩევნების მეორე ტურს გამორიცხავს და გამარჯვებას პირველსავე ტურში ელოდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი