|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული სამხედრო ავიაცია 23 წლისაა

ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართული სამხედრო-საჰაერო ძალების 23 წლის იუბილე აღინიშნეს. ქართველ სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ავიაციისა და საჰაერო სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ავიაციის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მფრინავთა ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ალექსეევკის შერეული საავიაციო ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწვეული სტუმრებისთვის სამხედრო-საჰაერო ტექნიკა გამოიფინა.
„ავიაციის განვითარების გარეშე თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ნათელი ხედვა, თუ საითკენ და როგორ მივდივართ. საჰაერო ძალების განვითარება გულიდან და გონებიდან იწყება. საჰაერო ძალებში ამაღლებული განწყობაა, ძალიან მოტივირებული არიან. იმედი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს წარმატებით განვახორციელებთ“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25 ტიპის თვითმფრინავით პირველი გაფრენა შედგა, რომელიც პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ და ავიაციის გენერალ-მაიორმა ვალერი ნაყოფიამ განახორციელეს. ქართული ავიაციის დღე, ამ დღიდან აღინიშნება.

ავტორი: ანა ჯიქია