|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული ტრადიციებით მოხიბლული კანადელი მაიკლი "მიხოდ" გადაიქცა

38 წლის მაიკლი საქართველოში კანადიდან 10 თვის წინ ჩამოვიდა და რამდენიმე მხარე მოინახულა. გაეცნო ქართულ ყოფას, გარემოს და ის, რაც ჩვენთვის ნაცნობი და ახლობელია, მისთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.

მოსწონს ქართული ტრადიციები, განსაკუთრებით, თამადის ფენომენმა მოხიბლა. ამბობს, რომ თავად ასეთი ქვეყნიდან „ტექნოლოგიების სამყაროში“ არ წავიდოდა. მაიკლის თქმით, მას დასავლეთის ერთფეროვნება  არ მოსწონს, ამიტომაც ახალი ურთიერთობების ძიება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაიწყო.

 საქართველოში ჩამოსული ბოლოს წყალტუბოში შეჩერდა და ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის ოჯახსაც დაუახლოვდა.

 საქართველოთი მოხიბლულ მაიკლს ქართველმა მეგობრებმა  ჩვენებური სახელი შეარქვეს და  „მიხოს“ ეძახიან. შორეული კანადიდან ჩამოსული, ქართული ტრადიციებითა და ურთიერთობებით მოხიბლული  მაიკლი ახლა თავის განცდებს სხვებს უზიარებს.  მასთან შეხვედრა  გამოჩენილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ–მუზეუმში დავგეგმეთ. ამბობს, რომ უკვე იცის,  ვის სახლში იმყოფება.

თარჯიმნობას უმცროსი ოტია იოსელიანი გვიწევს, მწერლის შვილიშვილი. არაერთხელ მოსმენილ ამბებს მონდომებით გვითარგმნის და შიგადაშიგ საკუთარ ემოციებსაც ურევს. ერთნაირად გვიკვირს ის, რომ ჩვენმა რესპონდენტმა პირველად, თურმე, 35  წლის ასაკში ნახა ნამდვილი სოფელი და ნატურალური პროდუქტიც მაშინ დააგემოვნა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი „თავისუფლების ქვეყნიდან“ ნამდვილ თავისუფლებაზე, ასე საუბრობს.

„ვცხოვრობ და ვმუშაობ კანადაში, ბოლო ხუთი წელია, ვმოგზაურობ აღმოსავლეთ ევროპაში. მოგზაურობაში ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან გაოცებული ვარ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტრადიციული ცხოვრებით. ვხედავ, აქაური ხალხის ცნობიერება ნელ–ნელა დასავლეთისკენ მიდის და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არც ისე კარგია, როგორც ბევრს ჰგონია. ტელევიზიით და ჰოლივუდით ჩანს ასე, მაგრამ ეს ფანტასტიკაა. რეალობა კი ისაა, რომ იქ ხალხი ბევრს მუშაობს ოფისებში, ვინმე სამსახურს ერთი თვით თუ მიატოვებს, ყველაფერს დაკარგავს. ხალხი დამოკიდებულია ბანკზე, ბარათებზე და სესხზე,  მათ გარეშე შეუძლებელია არსებობა.  დასავლეთში თითქმის დაკარგულია ურთიერთობები და ერთმანეთის რწმენა. 50 წლის წინ დარჩა ეს ურთიერთობა. მოჩვენებითი  ბედნიერებაა, ვეღარ პოულობენ სიამოვნებას ოჯახში, კითხვაში, ბედნიერება მარტო ახალი ნივთების შეძენაშია. აქ,  საქართველოში, კანადის ისტორიის მცოდნე გაცილებით მეტი ადამიანი გავიცანი, ვიდრე თავად კანადაში მინახავს. ძალიან ინდივიდუალისტური მიდგომაა დასავლეთში, ერთადერთი, ვისზეც ზრუნავენ, საკუთარი თავია,“–აცხადებს მაიკლი.

 

სწორედ ურთიერთობების საძებნელად გაემგზავრა აღმოსავლეთ ევროპაში. იქ ბევრი ადამიანი გაიცნო, ურჩიეს, თუ  ტრადიციული და ამავდროულად მორწმუნე ქვეყნის გაცნობა გსურს, აუცილებლად  საქართველოში უნდა წახვიდეო. დროებით ჩამოსული ათი თვით დარჩა...


მაიკლი ამბობს, რომ მოხიბლულია ქართული ფასეულობებით, განსაკუთრებით, ოჯახის და სუფრის ტრადიციები მოსწონს, ასევე მოსწონს ადამიანების ურთიერთობები. ხუმრობს, რომ მათთან თამადა, განსაკუთრებული უფლებების გამო, შესაძლოა, პასუხისგებაშიც კი მიეცეს, ვინაიდან დასავლეთი სუფრასთანაც კი ყველა ინდივიდის თანაბარ უფლებას ითვალისწინებს.

 „ბევრი ამერიკელი და კანადელი ვნახე,  ვინც გადმოვიდა აღმოსავლეთ ევროპაში და ყველა კმაყოფილია. არც ერთი ნანობს გადაწყვეტილებას, რადგან უფრო აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას. სიტყვის თავისუფლებაც არის მაღალ დონეზე. აქ ბავშვი შეგიძლია თავისუფლად გაზარდო, ჩრდილოეთ ამერიკაში კი, შეიძლება, მეზობელმა გიჩივლოს იმის გამო, რომ ბავშვი გარეთ ველოსიპედით სასეირნოდ ჩაფხუტის გარეშე გავიდა. აქ ბავშვები თავისუფლები არიან, ხეებზე დაძვრებიან, ლაღად თამაშობენ, ერთმანეთთან კამათობენ და ეს ნორმალურია. მომწონს ოჯახის ტრადიცია. აქ  დიდი ხნის შექმნილი ოჯახები ვნახე,  ჩვენთან ხშირად უმიზეზოდ შორდებიან. საჭმელი, როგორსაც თქვენ ჭამთ, ნატურალურია, ასეთი კანადაში გამორიცხულია, მარტო განსაკუთრებული პრივილეგიის მქონე, 5%-ს თუ  აქვს.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვრცელი ტერიტორიებია, ჩვენთან მოსახლეობა დიდ ქალაქებშია თავმოყრილი. აქ ნამდვილი სოფლებია, ნამდვილი ურთიერთობებით. ჩვენთან კი ბევრი ოცნებობს, სიბერეში მაინც იცხოვროს საკუთარ სახლში, სადაც მცირე მეურნეობა ექნება.

მომწონს, ქართველები ერთმანეთს ღვინის დაყენებაში რომ ეჯიბრებით  და გამოცდილებას უზიარებთ. სუფრის ტრადიცია, თამადის იდეა მომწონს, იქეთ შეუძლებელია, ჩვენი საზოგადოება არ მიესალმება ასეთ რაღაცეებს, რასაც თქვენ სუფრას ეძახით, იქ ყველას ერთნაირი უფლება უნდა ჰქონდეს. აქ უფროს ხალხს ჭკუას ეკითხებიან და ავტორიტეტები არიან გამოცდილების გამო, იქ კი მხოლოდ ახალგაზრდობის პროპაგანდაა. კიდევ ის მომწონს, დღეგრძელობას რომ უსურვებთ ერთმანეთს და სუფრასთან პირველი, რომ უფლის სადღეგრძელოა,“–აცხადებს მაიკლი.

კითხვაზე, თავად  თუ არის მორწმუნე?- გვპასუხობს:

„ჩვენთან იმდენად წინ წავიდა ტექნოლოგიები, ღმერთისთვის აღარ დარჩა დრო. მორწმუნე ოჯახში დავიბადე, მაგრამ 90–იანი წლების ათეიზმმა გამოგვფიტა და ყველაფერი წაგვართვა ამ მიმართულებით. ამის გამო არ ვყოფილვარ მორწმუნე, მაგრამ მგონია, რომ დავუბრუნდები ფესვებს. იქ საჯარო სივრცეებში ნაძვის ხის დადგმა უკვე მიუღებელია, აღარ შეიძლება შობის მილოცვა, ცუდი ტონია -  შეიძლება, ვიღაც  ქრისტიანი არ იყოს და ცუდად გაგიგოს“–აცხადებს მაიკლი. 

ამჟამად უმცროს ოტია იოსელიანს ეხმარება ქვევრებისთვის ნიადაგის მომზადებაში. ასე უფრო ახლოს სწავლობს ღვინის დაყენებას, შესაძლებლობაც ეძლევა ღვინის დაგემოვნებისა და ქართულ მეტსახელსაც უფრო შინაარსიანად აღიქვამს. 

ინტერვიუს შემდგომაც მიხო მეგობრებთან ერთად თბილისში, ღვინის ფესტივალზე დასასწრებად გაემგზავრა. მისი თქმით, სურს საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. იქამდე, ცდილობს, შორეული კანადიდან ჩამოსული  „მაიკლი“  აქაურ „მიხოდ“ გადააქციოს და შეძლოს ქართული ტრადიციების შეძლებისდაგვარად გათავისება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა