|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გახანგრძლივებული ვადები და ქუჩების დაგვიანებული რეაბილიტაცია ქუთაისში

ქუთაისის სამ ქუჩაზე გასულ წელს  დაწყებული სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა. მერიამ შემსრულებელ სამუშაოებისათვის დრო გაუხანგრძლივა. 

გამონაკლისი ვერც ბარათაშვილის, იაშვილის და დუმბაძის ქუჩები აღმოჩნდა და სამუშაო ვადების დარღვევის ტენდენცია ამ შემთხვევაშიც გაგრძელდა. 

2018 წლის სექტემბრის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიებს სამუშაოები 90 დღეში უნდა დაესრულებინათ, თუმცა "ნიუპრესის" ინფორმაციით, მერიამ ხელშეკრულება სამივე ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში შეცვალა.

მერიის ინფრასტრუქტრის სამსახრის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის განცხადებით, ვადების შეცვლა ქუჩებზე დამატებითმა სამუშაოებმა განაპირობა. მისი თქმით, ბარათაშვილის და დუმბაძის ქუჩებზე ვადები წყალმომარაგების კომპანიის გამო შეიცვალა, იაშვილის ქუჩას კი წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად სხვადასხვა კომპანიების მუშაობა დაემატა.

"ქუჩებზე ვადაგადაცილება დამატებითმა სამუშაოებმა გამოიწვია. ბარათაშვილზე და დუმბაძეზე წყალმომარაგების კომპანიის გამო გახანგრძლივდა ვადები და სამუშაოები უკვე დასრულდა. რაც შეეხება იაშვილს, აქ ჩვენი დაქირავებულ კომპანიასთან ერთად ოთხი კომპანია მუშაობს. ისინი თავისი ფინანსებით მუშაობენ და მათ ვერ განვუსაზღვრავთ ვადებს. მივყვებით მათ სამუშაოებს, ველოდებით როდის მოხდება ელექტროგაყვანილობის ბოძების მოჭრა, რომ დავაგოთ ასფალტის მეორე ფენა"-განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

კითხვაზე, რატომ არ ხდება თვიდანვე გათვალისწინება სხვა კომპანიების მუშაობის საჭიროების და შესაბამისად, ოპტიმალური ვადების განსაზღვრა, პასუხობს, რომ მერია პროექტის შედგენის დროს ვერ გაითვალსწინებს სხვა კერძო კომპანიებს სამუშაოებისათვის რა ვადები დასჭირდება. მისი თქმით, მის უწყებას სამუშაოების ვადებთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიის გამო პრობლემები მხოლოდ ორ ქუჩაზე, ბარათაშვილსა და დუმბაძეზე  შეექმნა.

დუმბაძის ქუჩა

ბარათაშვილის, იაშვილის და დუმბაძის ქუჩები რეაბილიტაცია რეგიონული განვითების ფონდიდან სამი მილიონით დაფინანსდა. მერიამ არჩევნების დაწყებამდე დაჩქარებულად გამოაცხადა ტენდერები და გამარჯვებულები სამივე ქუჩაზე პირველივე ტენდერით გამოვლინდნენ. 

ბარათაშვილის ქუჩის გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობისთვის მერიის 1 003 660 ლარიანი ტენდერის (180013785)გამარჯვებული კომპანია "გზამშენი  XXI" გახდა და მან ტენდერი  934 300 ლარად მოიგო. 

იაშვილის ქუჩის გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის 1 001 984 ლარიან ტენდრი (180013800)  შპს "ორიენტირმა"  980691 ლარად მოიგო. 

ნოდარ დუმბაძის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების ტენდრში გამარჯვებული შპს "დაგი+" გახდა და ტენდერი  (180013791) საწყის თანხად 1 013 700 ლარად მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სამივე ტენდერში მხოლოდ თითო პრეტენდენტი მონაწილეობდა და გამარჯვებულებიც გახდნენ.

ქუჩებზე განხორცილებულ სამუშაოებთან დაკავშირებითაც  კითხვის ნიშნები გაჩნდა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩის ახალი პროექტით მათ პრობლემები შეექმნათ.  ასფალტის საფარის სიმაღლე აჭარბებს ეზოებში შესასვლელების სიმაღლეს და პრობლემა იქმნება ავტომობილების გადაადგილებისას. მათივე ინფორმაციით, ამაღლებული საფარის გამო დაიჩრდილა პირველი სართულების ფანჯრები. 

 

იაშვილის ქუჩა

წყალმომარაგების კომპანიის გამო ქუთაისში არაერთ ქუჩაზე შეიქმნა პრობლემა. კომპანია მერის კრიტიკის მიზეზიც გახდა, გიორგი ჭიღვარიამ საჯარო შეხევდრაზე განაცხადა, რომ კომპანიის გამო თვითმმართველობას პრობლემები აქვს.

წყალმომარაგების კომპანიას ქუთაისში სამუშაოები გასულ წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადა 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი