|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ილია კილაძე დროის მანქანის გამოგონებას აპირებს

 ქუთაისელი ილია კილაძე ნარჩენი ნივთებისგან მინიატურულ და ჩქაროსნულ ავტომობილებს ამზადებს, სამომავლოდ კი, დროის მანქანის გამოგონებას გეგმავს.

მან მისი იდეები და არგუმენტები პრეზენტაციის სახით წარუდგინა ფართო საზოგადოებას კონკურსზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ "აკმე" მოაწყო, სადაც წარმატებული სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი გამოავლინეს. აღნიშნულ კონკურსში ილიამ მის მიერ გამოგონილ ნივთებზე, დროის მანქანის, სამყაროს და განზომილებების შესახებ ისაუბრა. კონკურსის გამარჯვებული 15 წლის გამომგონებელი, ილია კილაძე გახდა, მან ასევე დამსწრე საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა.მონაწილეობისთვის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული იყო სპეციალური პრიზები. 

ილია კილაძე 2002 წელს, ქუთაისში დაიბადა. ამჟამათ გეგუთში ცხოვრობს, სწავლობს გეგუთის#1 საჯარო სკოლაში. ფიზიკისადმი ინტერესი 7 წლის ასაკიდან გაუჩნდა. პატარაობიდანვე ნარჩენი ნივთებისგან ამზადებდა ავტომობილებს და სხვადასხვა აქსესუარებს. ბევრჯერ გაუკეთებია თერმო სწრაფი ავტომობილებიც, ასევე წყალბადზე არსებული ავტომობილის შექმნის მცდელობაც ქონდა და ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. მისი თქმით, წყალბადის გარდაქმნა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ამბობს, რომ მის მიერ შექმნილ ნივთებს, ხშირად იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან გამოიმუშავა ელექტროენერგია, რომლითაც ჰალოგენის ნათურა გაანათა, ასევე საკუთარ მობილურს მიერ შექმნილი დენის წყაროთი მუხტავს. 15 წლის მოზარდს სჯერა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია და ამის დასამტკიცებლად სხვადასხვა არგუმენტებს გვთავაზობს.

"პატარაობიდანვე მიყვარდა ისეთი რაღაცეები, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ფიზიკისადმი ინტერესიც ბავშვობიდანვე მქონდა. თვალსაწიერის გაფართოებაში კი, დიდი როლი შეიტანა ფიზიკის მასწავლებელმა. მას შემდეგ ამ სფეროს მიმართ ინტერესი გამიმძაფრდა. 10 წლის ასაკში წავიკითხე ჟიულ ველნის "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ", მისი უამრავი ნაწარმოები მაქვს წაკითხული, „საიდუმლო კუნძული", „კაპიტან გრანტის შვილები". ეს იმდენად საინტერესო გახდა ჩემთვის, რომ მეცნიერებისკენ წავიდა ფიქრები. მერე გადაიკვეთა მეცნიერება, ასტროლოგია, ფიზიკა, მოკლედ, დავინტერესდი ამ სფეროებით და უფრო მეტად შევისწავლე. მაინტერესებს სამყარო, მისი წარმოშობა, განვითარება, დედამიწის მოცულობა და ასე შემდეგ. ცნობიერების დასაკმაყოფილებლად კი ხშირად ვეძებ მასალებს, როგორც ბიბლიოთეკებში, ისე ინტერნეტის მეშვეობით... ასევე ძალიან დამეხმარა ა/ო "აკმე" ინფორმაციის მოძიებასა და საკუთარი თავის რეალიზაციაში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ისინი მეხმარებიან ჩემი სურვილების და იდეების განხორციელებაში. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კონკურსზე ჩემს მიერ წარმოდგენილი კონფერენცია, შეეხო განზომილებებს, რომელიც არის 5 სახის: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, დრო და სიკვდილი. სამყარო არის სამ განზომილებადი, რასაც ჩვენ ვხედავთ, მეოთხე და მეხუთე არის უხილავი ,– ეს არის დრო, რომელსაც ვერ ვხედავთ და სიკვდილი,– სიცოცხლის შემდგომი მდგომარეობა. თუ გამოვიგონებთ დროის მანქანას, შესაძლებლობა გვექნება სივრცეები გავარღვიოთ. დროში მოგზაურობა დროის მანქანით, ჯერჯერობით მიუღწეველი ფაქტორია. ჩვენ არ გვაქვს ტექნოლოგიები და ის სისწრაფე, რომ გავარღვიოთ სივრცის დროითი კონტინიუმი და შევქმნათ ჭიის ხვრელი, რომლითაც გადავადგილდებით დროში. ჭიის ხვრელი არის ორი შავი ხვრელი დაკავშირებული ხაზით, რომლითაც სხვადასხვა დროში გადავალთ",– გვიამბობს კილაძე.

ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, მეცნიერები გამოიგონებენ დროის მანქანას და დიდი სურვილი აქვს ამაში წვლილი თავად შეიტანოს. ამბობს, რომ ხედავს სამყაროს, რომელიც წინ და წინ მიდის და ადრე თუ გვიან დროში მოგზაურობა მიღწევადი იქნება. კითხვაზე, რამდენად რეალურია მისი მოსაზრება და როგორ აღიქვამს საზოგადოება მის აზრებს, გვპასუხობს, – "ადრე არავის წარმოედგინა, ცაში თუ იფრენდნენ, ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით თუ გაესაუბრებოდნენ. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი მოსაზრება სულელურია, თუმცა მარტივად ვპასუხობ, დავიცადოთ და დრო თავად გვაჩვენებს ყველაფერს. ადრე ფანტასტიკის სფეროდ წარმოედგინათ ჯადოსნური სარკე, როდესაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე საუბრობდნენ, დღეს ვიფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ისაუბრო გამოსახულების თანლებით, ამიტომ სხვა ფაქტებსაც ვერ გამოვრიცხავთ,– დრო არის ყველაფრის მთქმელი. როგორც აინშტეინმა თქვა, – ამ სამყაროში არაფრის გამორიცხვა შეიძლება".",–ამბობს ის.

მისი ნათქვამის გასამყარებლად ილია, სოციალურ ქსელში არსებულს კადრებს გვაჩვენებს. მისი თქმით, ეს ვიდეობები დროში მოგზაურობას ადასტურებს, ვიდეოში მოქმედება 1996 წელს ხდება, შეჯიბრი ბოქსში, ვიდეოში ნათლად ჩანს ადამიანი, რომელსაც ხელში უჭირავს "სმარტფონი", რომლითაც ის ვიდეოს იღებს. მისი თქმით, შეუძლებელია 1996 წელს ყოფილიყო კამერიანი ტელეფონი.

 ჩვენი საუბარი ასევე შეეხო უცხოპლანეტელების არსებობას. 15 წლის გამომგონებლის თქმით, მომრავლდა ფაქტები, რომ უცხოპლანეტელბი დაინახეს ადამიანებმა. ამასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უცხოპლანეტელების არსებობის დაჯერება ცოდვა აღარ არის, ვინაიდან  ეს არ ეწინააღმდეგება ბიბლიას. კილაძის აზრით,  უკვე იმის დაჯერება  გასაკვირი არ არის, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. მომავალი ასტრონომი კოსმოსში გაფრენასაც გეგმავს. ასევე აპირებს მარსის "გამოცოცხლებას", ანუ მარსზე ცხოვრების შესაძლებლობას. თუმცა მისთვის პრიორიტეტული დროში მოგზაურობაა.

"თუ წარსულში ვიმოგზაურებდი, ფრთხილად ვიქნებოდი, რომ არაფერი ამერია. პირველად მოვინახულებდი ველურ დასავლეთს, ანუ  მე–19 საუკუნის ამერიკას, ძალიან ბევრს ვკითხულობ ამის შესახებ და მაინტერესებს ვნახო, როგორი იყო. ასევე, ძალიან მაინტერესებს საქართველოს წარსული, განსაკუთრებით თამარ მეფის ეპოქა. დიდი სურვილი მაქვს  მომავალში მოგზაურობის, გავიგებდი ძალიან ბევრს ინფორმაციას და თუ შემეძლებოდა დადებითად შევცვლიდი მოვლენებს",– აცხადებს 15 წლის ილია კილაძე.  

ილია ფიზიკის და სამყაროს შესწავლის გარდა  სპორტითაც არის დაინტერესებული. ის  წლებია კინგბოქსში ვარჯიშობს და  ამ მიმართულებითაც წარმატებულია. ამბობს რომ, ეს სფეროც ძალიან უყვარს, თუმცა ფიზიკა მისთვის სულ სხვა განზომილებაა. 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი