|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისელმა მაყურებელმა თუ მიგიღო, ყველა ქალაქი მიგიღებს“

ამბობს, რომ  9 წლის წინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული სახელმწიფო თეატრის მოწვევა მისთვის დიდი გამწვევა იყო, ახალ უკვე ბედნიერება და ფუფუნებაა. თვლის, რომ თეატრი და ზოგადად, ამ სფეროში მუშაობა ხელოვანისთვის სამსახური არ არის, ეს უანგარო შრომაა და ჰობია, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გაიღო და უნდა გიყვარდეს, სხვაგვარად შედეგი არ იქნება. 

   მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, ამიტომაც, თითქოს მისი მომავალიც გარკვეული იყო.  მამას, გომარ სიხარულიძეს სურდა შვილიც ოჯახურ ტრადიციას, მუსიკას გაჰყოლოდა, მაგრამ მან არჩევანი თეატრზე შეაჩერა. ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან შესაძლებლობა ქონდა თეატრის უდიდეს მოღვაწეებთან თანამშრომლობის.

 „როგორც გადმოცემით ვიცი, ჩემი დაბადება ბაბუას, გიორგი სიხარულიძეს ყველაზე მეტად გახარებია, რადგან მისი მოსახელე და გვარის გამგრძელებელი ვიყავი. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია. თუ რამეს ვაკეთებ, მისი სახელის საამაყოდ ვაკეთებ. მამა მუსიკოსია, უნდოდა მისი ტრადიციები გამეგრძელებინა, მაგრამ  თეატრი ავირჩიე და ამით ბედნიერი ადამიანი ვარ“,–აცხადებს გიორგი სიხარულიძე. 

გაუმართლა და თეატრალურ უნივერსიტეტში  მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში  მოხვდა. მისივე თქმით, ის არის რეჟისორი, რომელიც თუმანიშვილის თეატრში, სწორედ მიხეილ თუმანიშვილმა მიიყვანა. მანვე შეუწყო ხელი მის მომავალ კარიერას. 

 „ბედნიერი ადამიანი ვარ, მიხეილ თუმანიშვილმა თავად მიმიყვანა თეატრში. მისი რეკომენდაციით, 1994 წელს საფრანგეთში გავემგზავრე, სადაც სადიპლომო სპექტაკლი უნდა დამედგა. იქ იმართებოდა მსოფლიო დრამატურგთა ფესტივალი.  მარტო ის რად ღირს, რომ ჩემი დეკორაცია რომ ჩამოვიდა, ენტონი დელონის სპექტაკლის დეკორაციას ალაგებდნენ. ისეთი გამოუცდელი რეჟისორისთვის, როგორიც მაშინ მე ვიყავი, ეს დიდი მოვლენა იყო".

 საფრანგეთში წარმატებულ კარიერაზე უარი სამშობლოს გამო თქვა, რომელიც იმ დროს აფხაზეთის ომში იყო ჩართული. გადაწყვიტა, ქვეყანას მისი პროფესიით დახმარებოდა.  დაბრუნდა თბილისში და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში, დევნილ მსახიობებთან ერთად, პირველი სპექტაკლი დადგა. თანამშრომლობდა სხვადასხვა თეატრებთან.  ერთ–ერთი პროექტი ჭიათურაში, წერეთლის სახელობის თეატრში განახორციელა, ასევე "ვერიკოს თეატრში".  აქტიურად თანამშრომლობდა თეატრალურ უნივერსიტეტში გოგი მარგველაშვილთან.  არის სტილიზებული ფოლკლორის თეატრის  „ნაბადი“  დამაარსებელი.

მეხსიშვილის თეატრთან აქტიურად 2006 წლიდან თანამშრომლობს, მიიღო დიდი ტრადიციების მქონე თეატრის გამოწვევა და დღემდე სამხატვრო ხელმძღვანელია. მისი რეჟისორობით დაიდგა: „გუშინდელნი“, „ანა კარენინა“, „დარისპანის გასაჭირი“, „რომეო და ჯულიეტა“, „უსასრულობის ათვლა დაიწყო“, „ჰელადოსი“, „შემოსავლიანი ადგილი“, „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც მეცხრე წელია აქტიურად საუბრობს ქვეყნის ერთ–ერთ მთვარ პრობლემაზე.  ბოლო გამოწვევა რისკიანი იყო, ლეგენდადქცეული ფილმის სასცენო ვერსია ისე უნდა შეექმნა, სპექტაკლი ფილმის ანალოგი არ გამოსულიყო. რისკმა გაამართლა. სპექტაკლმა „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა და მის შემოქმდებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

 იყო ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, თუმცა ამბობს, დეპუტატობის  სურვილი  დიდად არ ჰქონია. 

 „იყო ეს პერიოდიც, როდესაც საკრებულოში ვიყავი, რომ გითხრათ, დიდი სურვილი მქონდათქო, მოგატყუებთ. დიდი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი, ესეც იმიტომ, რომ მითხრეს- „თუ შენ დაინახავ, რომ იქ შენი ადგილი აღარაა, წამოდიო“ .  როდესაც დავინახე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო, გავაკეთე არჩევანი და ვთქვი, ის, რაც უნდა მეთქვა. ახლა საუბრობენ ამ ყველაფერზე.  მარტივია სხვის წარსულზე ისაუბრო, მაგრამ „მედროვე“ არასოდეს ვყოფილვარ, რომ სადაც „თბილოდა“, იქ ვყოფილიყავი. ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებდი, თუმცა მეტსაც გეტყვით, ახლა, როდესაც მთავრობა შეიცვალა, ისევ შემომთავაზეს, მაგრამ ვუთხარი, ის, რაც არ მომწონდა მაშინ, არ მომწონს ახლაც.  არ არის აუცილებელი  ხელოვანი იყოს მაინცდამაინც საკრებულოში“. 

პიესის აღებისას უკვე იცის, რომელმა მსახიობმა უნდა გააჟღეროს ავტორის  მთავარი სათქმელი. ადასტურებს, რომ ქუთაისელი მაყურებელი გამორჩეულია, ქალაქს კი მსახიობთა არაჩვეულებრივი რესურსი გააჩნია. 

„ვიდრე ქუთაისში ჩამოვიდოდი, თეატრალური სამყაროს კორიფეებისგან უკვე ვიცოდი, რომ ქუთაისელი მაყურებელი განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. ჩამოსვლისას თავად დავრწმუნდი, ქუთაისელმა მაყურებელმა თუ მიგიღო, ჩათვალე, რომ ყველა ქალაქი მიგიღებს“. 

ერთი შეხედვით „სიტყვაძუნძია“.  უჭირს საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე საუბარი, ამბობს, რომ რეჟისორის რანგშიც არ გამოირჩევა შენიშვნებით. 

„თუ შევძელი და ჩემი სიტყვაძუნწობით ადამიანს გავაგებინე, რისი თქმა მინდა, ბევრს არ ვსაუბრობ. ასე ხდება რეპეტიციების დროსაც. თუ გაიგო მსახიობმა, რა მინდა მისგან, სამჯერ და ოთხჯერ აღარ ვიმეორებ. რაც შეეხება პრემიერებს, შარშანაც გვინდოდა მეტის გაკეთება, მაგრამ ფინანსებზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა რეჟისორულ  ფანდებს მივმართე, რომ მხოლოდ ფინანსებზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ვფიქრობთ სხვადასხვა პროექტებზე. როდესაც ხედავ პოტენციალს შენში და მსახიობებში, წელიწადში 2–3 სპექტაკლი ცოტაა, ამიტომ წელს მეტს ვპირდებით ჩვენს მაყურებლებს, რადგან თეატრი არის "კათარზისი" და დიდი ბედნიერება, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია",–აღნიშნავს გიორგი სიხარულიძე.

 29 სექტემბერს მესხიშვილის თეატრში 91– სეზონი ტრადიციულად „ბამბაზიის სამოთხით" გაიხსნა, ამ სპექტაკლით თეატრი სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და მაყურებელ ამ ტრაგედიას კიდევ ერთხელ ახსენებს. ამავდროულად თეატრში პრემიერაც მზადდება, 16 ოქტომბერს დასი მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის მოთხრობისკუკარაჩასმიხედვით შექმნილი სპექტაკლით წარსდგება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა