|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი ტურისტულ სეზონს აჯამებს

  ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით,  2015 წელს ქალაქში  ტურიზმის ზრდის ტენდენციაა.  "ნიუპრესი" დაინტერესდა, როგორი  გარემო დახვდათ ტურისტებს, რა პრობლემებია ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და რას პირდება ადგილობრივი თვითმართველობა ჩამოსულ სტუმრებს.

   მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტურისტთა რიცხვი 55%-ით გაიზარდა, წლევანდელი სეზონი არც ისე კომფორტული აღმოჩნდა ქუთაისში მყოფი ტურისტებისთვის.  ზაფხულში დაწყებულმა   სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, მათ შორის, ტურისტული ძეგლებისკენ მიმავალ გზეებზე, დისკომფორტი შეუქმნა ჩამოსულ სტუმრებს. ქალაქში კვლავაც პრობლემაა საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობა, ტურისტული რუკები  და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.

 აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით „ნიუპრესი“  ტურისტული სააგენტო " TI - GROUP" -ის  ხელმძღვანელს, ხათუნა შანგუას   გაესაუბრა.

"ტურისტებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას საზოგადოებრივი საპირფარეშოების  არარსებობა ქმნის. წლევანდელ სეზონზე, ასევე პრობლემატური იყო გადათხრილი ქუჩები, რომლებიც ტურისტულ ძეგლამდე მისვლას აფერხებდა.  ჩვენს სააგენტოში ძირითადად, უკრაინელი,  რუსი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები გვსტუმრობენ. მათ ასევე პრობლემები აქვთ ფასებთან დაკავშირებით. უნდა მოწესრიგდეს ტურისტული რუკების საკითხიც",- განაცხადა  ხათუნა შანგუამ.

ტურისტული ძეგლებისკენ მისასვლელი ქუჩების გადათხრამ უხერხული სიტუაცია რომ  შექმნა, ადასტურებს  ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი და აღნიშნავს, რომ მომავალი წლისთვის ტურისტებს  გაცილებით მეტი კომფორტი ექნებათ.

"ბუნებრივია, ტურისტული ძეგლებისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია დისკომფორტს იწვევდა ტურისტებისათვის, თუმცა ეს გზები მოსაწესრიგებელია და ჯობდა დასრულებულიყო მისი რეაბილიტაცია.  ვიდრე ის,  რომ  მუდმივად შენარჩუნებულიყო  მისი არცთუ კარგი  მდგომარეობა.  ამ სამუშაოების  დასრულება მოგვცემს საშუალებას, რომ  გაცილებით მეტი კომფორტი შევთავაზოთ  მომდევნო წელს  ტურისტებს", - აღნიშნა  კლდიაშვილმა.

გასულ წელთან შედარებით, ბოლო 7 თვის მონაცემებით, ტურიზმი ქუთაისში 55%-ით გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც პაატა კლდიაშვილი აღნიშნავს,  სტატისტიკური მაჩვენებელი  მხოლოდ ცენტრში შემოსული ვიზიტორების რაოდენობას ითვლის.

„პირველია ის, თუ რას ვაკეთებთ ტურისტების მოსაზიდად და მეორეა ის,  რას   ვაკეთებთ  ტურისტული ინფრასტრუქტურის  მოსაწესრიგებლად.  უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წელს  7 გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. ეს არის ტურისტული გამოფენა-ბაზრობები, რომლებიც მიზნად ისახავს ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრას. ანუ იმ ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომლებმაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყონ ტურისტების მოზიდვა  ქალაქში.

ქუთაისი, უახლოეს მომავალში სამ ასეთ გამოფენაზე წარსდგება ტურისტული საინფორმაციო მასალით, რომლებიც  აწვდის ინფორმაციას პოტენციურ ტურისტებს ქალაქის ტურისტული პოტენციალის შესახებ.  

 ჩვენ წელს დავნერგეთ  ახალი პრაქტიკა - "ინფო ტურების"  მოწყობა  მიზნობრივი  ჯგუფებისათვის. გავაკეთეთ ერთი ასეთი "ინფო ტური" უკრაინელი ტურ-ოპერატორებისთვის, 15 ადამიანი გვყავდა ჩამოყვანილი  ზაფხულის დასაწყისში.  ამას მოყვა ჩვენი პრეზენტაციები უკრაინაში. გვქონდა კიევში შეხვედრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან და ავიაკომპანიებთან, რომლებიც გეგმავენ  ახალი რეისების დანიშვნას  ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით. დავიწყეთ  კერძო სექტორთან თანამშრომლობა.  უნდა ითქვას,  რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოსაწესრიგებელია ტრანსპორტირების საკითხები და ბევრი სხვა",- აღნიშნა კლდიაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, მიმდინარე წლისთვის იგეგმება   ტურისტული რუკების განთავსება. ეს იქნება მანათობელი რუკები, ე.წ. "ლაითბოქსები". მათ ერთ მხარეს იქნება  ტურისტული რუკა, მეორეზე - იმ  ძირითადი ადგილების ტოპ ათეული, რომლებიც ტურისტებმა უნდა ნახოს ქალაქში. 

"მიმდინარე წლის ბოლომდე ვგეგმავთ  ტურისტული მიმანიშნებელი  ფინიშების განთავსებას  ქუთაისში. 15 ასეთი  მიმანიშნებელი  განთავსდება ქალაქის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე,  გამოცხადებული გვაქვს იდეების მიღება ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ორგანიზაციებისათვის,  თუ რა სჭირდებათ მათ. ასევე მზადდება საიტი, რომელიც მომდევნო წლის ტურისტული სეზონისთვის დასრულებული იქნება ",- აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა.

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შიდა ტურიზმის განვითარებაა. ადგილობრივი თვითმართველობა ამ მიმართულებით აქტივობებს სექტემბრის  შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

 „ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ  უნივერსიტეტის შესაბამისი  მიმართულების სტუდენტებთან ერთად  შიდა ტურისტების მოზიდვაზე  ზრუნვა. ეს ითვალისწინებს ჩვენი ტურისტული ღირშესანიშაობების პრეზენტაციას სხვა რეგიონებში მიზნობრივ აუდიტორიაში“, - განმარტა კლდიაშვილმა.

                                                                                                  

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა