|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო

ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებთან ერთად მერიას გადაუგზავნა. საკრებულოს  ბიუჯეტის პროექტის  განსახილველად 10 დღიანი ვადა ჰქონდა. პროექტი ხუთივე  კომისიამ განიხილა. საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტმა საკრებულოს მოწონება დაიმსახურა, თუმცა არსებობდა რიგი შენიშვნები.

„გუშინ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გადავაგზავნეთ ბიუჯეტის პროექტი და შენიშვნები. ბიუჯეტმა კონცეპტუალურად საკრებულოს უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა. ამავდროულად, გვქონდა შენიშვნები, რომელიც თანხების მუხლობრივად  გადანაწილებას ეხებოდა. ყველა შენიშვნა გადავუგზავნეთ მერიას. არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოხდეს მათი შეტანა ბიუჯეტში“,-განაცხადა დავით დვალმა.

 მისივე თქმით, კომისიის სხდომებს არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ არც განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა.

 „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ დაესწრო სხდომას, არც დამოუკიდებელი დეპუტატები. მათ არც შენიშვნები მოუწოდებიათ.  შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მათ მოეწონათ ბიუჯეტის პროექტი.  თუ საქმიან შეხვედრებზე არ გააჟღერებენ თავიანთ მოსაზრებებს, საკრებულოს სხდომაზე უშინაარსო განცხადებების გაკეთება კამერების წინ კეკლუცი იქნება და მეტი არაფერი“,-განაცხადა დავით დვალმა.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა, რა შენიშვნები ჰქონდათ ოპოზიციონერ დეპუტატებს და რატომ არ მიიღეს მათ განხილვაში მონაწილეობა.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, „რესპუბლიკური“ პარტიის ყოფილი წევრის ნატო ქათამაძის განცხადებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები, თუმცა თავისი შენიშვნები არ დაუფიქსირებია, რადგან აზრს ვერ ხედავს და  თვლის, რომ თვითმმართველობა ამ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.

ამავე მიზეზით ბიუჯეტის განხილვას არ დასწრებია „ლეიბორისტი“ დეპუტატი. სამსონ გუგავა აცხადებს, რომ თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების ნოტარიუსად გვევლინება.

„მესამედ ვღებულობთ ბიუჯეტს და თვისობრივად რაიმე ნოვაცია არ გვაქვს. წლებია ვითხოვთ, ბიუჯეტში იყოს ასახული ცვლილებები, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად არ ახორციელებს, რადგან ჩვენ არ გვყავს რეალური თვითმმართველობა. ცენტრის მიერ დასმული პრიორიტეტებით არსებობენ,  ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობა პოვებს ნოტარიუსის ფუნქციას და ეს არ არის თვითმმართველობების გადაწყვეტილება.  ყველა თვითმმართველობაში ერთი პრობლემაა. აქედან გამომდინარე,  რაიმე სახის განხილვებში მონაწილეობაც კი კარგავს აზრს. რამდენადაც მათ ჰყავთ უმრავლესობა და არ ესაჭიროებათ ოპოზიციის ხმები ამ გადაწყვეტილებებში.  მოსაზრებების გათვალისწინება არ ხდება. შეიძლება, მათ სურვილი აქვთ ცვლილებების, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა. 70 მილიონზე მეტია ბიუჯეტი. ამ თანხით და  სწორი პრიორიტეტების შერჩევით შესაძლებელია, დასაქმება, განათლება და მუნიციპალური საწარმოების შექმნა. საწარმოები გაამდიდრებს ადგილობრივ ბიუჯეტებს და შეძლებს სოციალური პროექტების განხორციელებას, რასაც მხოლოდ წინასაარჩევნოდ გვპირდებიან და დაპირებად რჩება“,-განაცხადა სამსონ გუგავამ.

ბიუჯეტის განხილვას რომ არ დასწრებია, ადასტურებს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი დავით გოგისვანიძე. მიზეზად კი საკრებულოში ბიუჯეტის არარსებობას ასახელებს. გოგისვანიძის განცხადებით, ფრაქციას სურდა ბიუჯეტის განხილვა, მაგრამ მერიამ საკრებულოში შეტანილი ბიუჯეტი რამდენიმე დღეში გაიტანა.

„საკრებულოს არ განუხილავს ბიუჯეტის პროექტი, რადგან იურიდიულად ეს პროექტი საკრებულოში არც ყოფილა. მსგავსად გასული წლისა, მერიამ წელსაც რამდენიმე დღეში გაიწვია უკან  პროექტი და ჩვენ არ გვქონდა საშუალება განხილვის. რომც წაგვეკითხა და გვქონოდა შენიშვნები, მათ შეეძლოთ ფორმალურად ეთქვათ,-რაზე გვაძლევთ შენიშვნებს რეალურად პროექტი არ არსებობსო“,-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

რაც შეეხება მის შენიშვნებს, ამბობს, რომ ამ შენიშვნებს წინასწარ არ გაახმაურებს და თუ მიეცემა შესაძლებლობა, სხდომაზე გააჟღერებს.

გოგისვანიძისგან განსხვავებით ბიუჯეტის პროექტის განხილვას პირადი მიზეზებით  არ დასწრებია საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე. ბრეგაძის თქმით, კომისიის სხდომებს ვერ დაესწრო, რადგან ფიზიკურად ქალაქში არ იმყოფებოდა. 

„ნაციონალი“ დეპუტატის შენიშვნას უსაფუძვლოს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე. დავით დვალის თქმით, კოლეგის განცხადების გამო უხერხულ სიტუაციაში  ვარდება.

„მე ვვარდები უხერხულობაში მათი არაკომპეტენტურობის გამო.  ალბათ, ბატონ დავით გოგისვანიძეს ახსოვს წინა წელი, როცა მერიამ უკან გაითხოვა ბიუჯეტი და წლები ერთმანეთში აერია. გასულ კვირას იყო კომისიის სხდომები და დეპუტატებს ამის შესახებ ოფიციალურად ეცნობათ, ასევე სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია. შემიძლია, დოკუმენტი მოგაწოდოთ ჩემი ხელმოწერით, რომ ბიუჯეტი გუშინ გადავუგზავნეთ მერიას. მისი განცხადება არაპროფესიონალობის პიკია. ჩანს წინა წლებშია ჩარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“. მათ  უყვართ სიტყვა „დაპაუზებული“ და შემიძლია მათ პოზიციას „დაპაუზებული“ „ნაციონალური მოძრაობა“ ვუწოდო“,-განაცხადა დავით დვალმა.

ქუთაისის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბერს გადაუგზავნა.  2017 წლის ბიუჯეტის პროექტმა 51 572 800 ლარი შეადგინა. მერიას განსახილველად ვადა 25 დეკემბრამდე აქვს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის დამტკიცება მალე, მოხდება, რაც ხელსშეუწყობს ტენდერების ნაადრევად გამოცხადებას, რომ არ მოხდეს სამუშაოების შეფერხება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა