|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირება რამდენიმე თვეში შესაძლებელი გახდება

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზით დამაკავშირებელი პროექტის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში,  რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წინ. აქ იქნება სარკინიგზო ბაქანი, რომლიდანაც მგზავრები შეძლებენ სულ რამოდენიმე ნაბიჯში მოხვდნენ აეროპორტის ტერმინალში,"-განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისაწვდომ ფასებში, დღეს უკვე უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში, ისინი ისარგებელებენ თანამედროვე კომფორტური მატარებლებით.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობას მიზნად აქვს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლით შესაძლებელი იყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრა, ეს იქნება ზღვის, თუ მთის კურორტები.

”დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი, რომელიც დღეიდან სულ რამდენიმე თვეში ამოქმედდება. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური, სატრანსპორტი ცენტრი. ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს სულ ორიოდე საათის მგზავრობის მანძილით”, - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორი: ნიუპრესი