|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ბაგა-ბაღების გაერთიანება" საკუთარ ადვოკატს არ ენდობა?

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ #13 ბაღის გამგის მაკა აბულაძის  წინააღმდეგ დაწყებული დავა ახალ ადვოკატს გადააბარა. სააპელაციო სასამართლოში გაერთიანების ინტერესებს  გამოცდილი ადვოკატი გურამ გვენცაძე დაიცავს. ამ დრომდე პროცესებს გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე უძღვებოდა. იობიძის ადვოკატობით გაერთიანებამ რამდენიმე პროცესი წააგო. უცნობია,  გაერთიანებამ ეჭვქვეშ დააყენა თუ არა საკუთარი იურისტის კვალიფიკაცია, თუმცა კითხვები სხვა მიმართულებითაც ჩნდება - არის თუ არა დამატებითი ადვოკატის აყვანა  საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა?

 არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორიოს გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის თეონა გორდაძის განმარტებით, გაერთიანებას აქვს უფლება დაიქირაოს ადვოკატი, თუმცა ამის საჭიროების დასაბუთება აუცილებელია.

„მათ შეუძლიათ ადვოკატის დამატებით დაქირავება, თუმცა ყველაფერი საჭიროებაზეა დამოკიდებული. გაერთიანებამ უნდა დაასაბუთოს ამ ქმედების აუცილებლობა“,-განაცხადა თეონა გორდაძემ.

პროცესზე ორი ადვოკატის მისვლა მოულოდნელი აღმოჩნდა მოპასუხე მხარისათვის. 

„არ ველოდით, ორი ადვოკატი თუ დაგვხვდებოდა. ეს ჩვენთვის არანაირად არ წარმოადგენს შეფერხებას, თუმცა ვთვლით, რომ ბრძანება დავის დაწყების შესახებ გაერთიანების ადვოკატმა რამაზ იობიძემ გამოსცა და მანვე უნდა დაიცვას თავისი ბრძანება. ამასთან, მაინტერესებს, საბიუჯეტო სისტემაზე მყოფ ორგანიზაციას აქვს თუ არა დამატებითი ადვოკატისათვის გადასახდელი თანხა?“-განაცხადა მაკა აბულაძემ.

გურამ გვენცაძე გაერთიანების ინტერესებს დირექტორის ყოფილი მოადგილის მაკა ნაცვლიშვილის პროცესზეც იცავდა. გაერთიანებას  ანა კაკურიას პროცესებზეც დამატებით დაქირავებული ყავდა ადვოკატი ფრიდონ ბასილაძე.  თუმცა საკითხის გახმაურების შემდეგ  ადვოკატი პროცესებს აღარ დასწრებია.

გაერთიანების მიერ  დამატებითი ადვოკატის დანიშვნას ბიუჯეტის ხარჯვადაფასებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა, რომელიც მაკა აბულაძჳს ინტერესებს იცავს. ხურცილავა არ გამორიცხავს, რომ ადვოკატის დამატება გაერთიანების იურისტის არაკვალიფიციურობის გამო მოხდა.

 „ზოგადად სამოქალაქო საქმეებში ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადვოკატის დანიშვნა არ არის აკრძალული, მაგრამ არ შეიძლება აღნიშნულმა სისტემატიური ხასიათი მიიღოს, რადგან ადგილი გვექნება არამიზნობრივ ხარჯვასთან, ვინაიდან ორგანიზაციებს, რომლებსაც შტატში ყავთ იურისტები, მათი ინტერესები სწორედ აღნიშნულმა იურისტებმა უნდა დაიცვას და დამატებით კონკრეტულ საქმეებზე ადვოკატების აყვანა ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს,"-აცხადებს რობიზონ ხურცილავა.

გაერთიანების იურისტის რამაზ იობიძის განცხადებით, ადვოკატის დამატება თავად მოითხოვა.

"1600 თანამშრომელი გვყავს და რამდენიმე სასამართლო პროცესი გვაქვს, ამიტომ ჩემი მოთხოვა იყო, დაგვემატებინა ადვოკატი. ეს არის დროებითი ღონისძიება, რისი უფლებას კანონით გვაქვს",-განაცხადა რამაზ იობიძემ.

ამასვე ადასტურებს გაერთიანების დირექტორი ნანა ლორთქიფანიძე. მისი თქმით, ახალი ადვოკატის აყვანა მომრავლებული სასამართლო პროცესების გამო გახდა საჭირო.

„ხელშეკრულებით, დროებით ავიყვანეთ დამხმარე ადვოკატი. ხელფასსაც ჩვენ ვუხდით“, - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა