|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტი 2 346 800 ლარით გაიზარდა

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტში მეშვიდე ცვლილება შევიდა.

 საბიუჯეტო ცვლილება საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა. ბიუჯეტში ცვლილებები ეკონომიების, პრივატიზებისა და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით შევიდა.

ქალაქის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტს 2 346 800  დაემატა, აქედან  746 800 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. ქალაქის ბიუჯეტი ამ დროისთვის 66 747 000 ლარი გახდა.

თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სარეზერვო ფონდზე და სოციალურ პაკეტებზე გადანაწილდა.

600 000 ლარი გამოიყო ორმოული შეკეთებისთვის, 526 000 ლარი პროგრამა "კორპუსს" დაემატება, 300 000 ლარი სპორტული ტრენაჟორებისთვის და 22 000 ლარი საბავშო მოედნებისთვის. 12 600 ლარი სტიქიით მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციოდ , 100 000 ლარი დაემატა სარეზერვო ფონდს.
50 000 ლარი დაემატა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, 25 000  ლარი  - ქუთასიის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს, თანხა დაემატა სარაგბო და საფეხბურთო გუნდებს. მილიონი ლარი დაემატა სოციალურ საცხოვრისს.

ვიცე-მერის განცხადებით, 6 თვის განმავლობაში უპრესედენტო რაოდენობის ქონების გაყიდვა მოხდა. პრივატიზებიდან შემოსულმა თანხამ 3 150 000 ლარი შეადგინა, წლის განმავლობაში ბიუჯეტში პრივატიზებიდან 3 900 000 ლარია გათვლილი.

საბიუჯეტო ცვლილებები საკრებულოზე ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა, დეპუტატების ნაწილმა ცვლილებები მოსალოდნელ თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი