|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცნობილი გორელიეფის წინ, შესაძლოა, მარკეტი მოეწყოს

მიმდინარე წლის აგვისტოში ქუთაისის საკრებულომ განიხილა და მხარი დაუჭირა ე.წ. მწვანე ბაზრის მიმდებარედ, გორელიეფის წინ ერთსართულიანი პავილიონის მოწყობას. ტერიტორია შპს „ფარს“ 15-წლიანი იჯარით გადაეცა, რის სანაცვლოდაც ბიუჯეტში ყოველწლიურად 7 000 ლარი უნდა შეიტანოს.

შპს „ფარი“ ბაზრის მფლობელია, რომელმაც ტერიტორიის იჯარით აღება გარევაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად მოითხოვა. ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანის განცხადებით, მხოლოდ ამ ფორმით შეძლებს ტერიტორიის მოწესრიგებას და აქ  გარევაჭრობის აკრძალვას. საკრებულომ მხარი დაუჭირა მოთხოვნას და შპს „ფარს“ აღნიშნული ტერიტორიის გარდა, ბაზრის მიმდებარედ, სხვა ტერიოტორიები გადაეცა და მათი მოვლა-პატრონობა დაევალა.

ადგილზე ჯერჯერობით სამუშაოები არ მიმდინარეობს. როგორც ოლეგ არღვლიანი „ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ამ დროისთვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

„15-წლიანი ვადით გადმოგვეცა ტერიტორია, რომლის მოწესრიგებაც და მიმდებარედ ერთსართულიანი პავილიონის მოწყობა დაგვევალა. ახლა პროექტზე არქიტექტორები მუშაობენ. აქ გასათვალისწინებელია ის ფატქორიც, რომ პროექტი ჩაჯდეს არსებულ სივრცეში და არ დაამახინჯოს იერსახე“-განაცხადა ოლეგ არღვლინმა. მისი თქმით, შესაძლოა, ადგილზე არა კაფე, არამედ მარკეტი მოეწყოს.

„მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ არ ვიცით, რა იქნება, შესაძლოა, მოეწყოს კაფე, ნაწილში კი სუვენირების ან სხვა სახის მარკეტი, სხვადასხვა ვარიანტია და ვნახოთ რომელი გადაწყდება, როგორც გითხარით, ჯერ პროექტზე ვმუშაობთ“, - განაცხადა არღვლიანმა. მისი მტკიცებით, პროექტი  აუცილებლად კვების ობიექტის მოწყობას არ ითვალისწინებდა, ამიტომ მისი განცხადებით, შესაძლოა, იდეა შეიცვალოს, რადგან  არღვლიანის თქმით, გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები და ასევე ის, თუ როგორ იმუშავებს ადგილზე კაფე.

შპს „ფარს“ თავდაპირველად ბიუჯეტში სამი წლის საიჯარო თანხა გადახდილი აქვს, რაც 21000 ლარს შეადგენს, დანარჩენი თანხა კი ეტაპობრივად უნდა დაფაროს.

ოლეგ არღვლიანი განამარტავს, რომ პროექტი უახლოეს მომავალში შემუშავდება და სამუშაოები დაიწყება.

შპს „გვირაბი 95“-ის თავზე გარევაჭრობა წლებია, მიმდინარეობს. პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი ხელისუფლება იბრძოდა, თუმცა მცირე პაუზების შემდგომ ადგილზე გარევაჭრობა კვლავ ეწყობოდა. ამჯერად ადგილზე საახალწლო ბაზრობა გაკეთდა, ნებართვა მერიის მიერ 15 იანვრამდეა გაცემული.

გარევაჭრობის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი ცენტრალური ბაზრის წინ არსებული გორელიეფი იყო.

ფალიაშვილის ქუჩა N15 შენობის ფასადზე არსებული კერამიკული პანო „კოლხეთი“-ს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოების მერიამ წელს 19 470 ლარი გამოყო. 

,,გორელიეფი კოლხეთზე“ უნიკალურია, ის  საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის სიდიდით ყველაზე დიდი პანოა (217კვადრატული). გოტელიეფს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისისთვის. მასზე გამოსახულია რამდენიმე ცნობილი ქუთაისელის სახე, მათ შორის ბევრი თავად გორელიეფის ავტორის ბერნარდ ნებიერიძის უახლოესი სამეგობროს, შვილისა და ნათესავების პორტრეტები. 

შეზღუდავს თუ არა პავილიონი გორელიეფის სივრცით აღქმას, ამაზე საუბარი პროექტის შემუშავებამდე ძნელია. 

 

 

ქუთაისში უნიკალური გორელიეფის რესტავრაცია მოხდება

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი