ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლები დახოცეს?(ვიდეო)
ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები''-ს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია იტყობინება.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, 2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ფოტომასალები(სულ ორი ფოტო), რომლებზედაც ასახულია ზემოაღნიშნული თავშესაფრის ტერიტორიაზე მყოფი დახოცილი ძაღლები. ფოტოები გადაღებულია, 2016 წლის 8 თებერვალს დღის ხუთ საათსა და ათ წუთზე. ამის შემდგომ ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლები მივიდნენ ზემოაღნიშნულ თავშესაფარში, სადაც დარჩენილი იყო სისხლის კვალი, რაც დაფიქსირებულია ორგანიზაციის მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებშიც. "ეს ორგანიცაცია ამისათვის არ იღებს სოლიდურ დაფინანსებას",-განუცხადა "ნიუპრესს" ორგანიზაციის წარმომადგენელმა მირანდა ჩოგოვაძემ.
აღნიშნული მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფარი 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის იანვრიდან თავშესაფარის დირექტორი არის თამაზ დეისაძე(ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი).
ფაქტის შესახებ ააიპ ,,სპეციალური სერვისების'' კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნიუპრესი