|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის და რუსთავის საკალათბურთო გუნდების თამაშზე ჩხუბი მოხდა

ქუთაისისა და რუსთავის გუნდების ნახევარფინალური სერიის მეოთხე თამაშზე ინციდენტი მოხდა. როგორც ქუთაისის საკალათბურთო გუნდის “ქუთაისი 2010” ფანკლუბის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, გუშინ რუსთავში ჩასულ გულშემატკივრებს აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრები დახვდნენ. მათი ინფორმაციით, ქუთაისიდან ჩასული გულშემატკივრები იძულებული გახდნენ, სპორტის სასახლის უკანა შესასვლელით ესარგებლათ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრები ქუთაისიდან ორი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ. რუსთავში,  სპორტის სასახლის წინ ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ, რის გამოც  დარბაზის უკანა შესასვლელით სარგებლობა გადაწყვიტეს. ვიდრე დარბაზში შევიდოდნენ, რუსთავის გუნდის გულშემატკივრებმა მათ ჩხუბი დაუწყეს.

ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო მასალით ჩანს, ადგილზე არ იყო საპატრულო პოლიცია. გულშემატკივრების თქმით, როდესაც დაგეგმილია თამაში, წინასწარ ხდება პატრულის მობილიზება, რომ რაიმე დაპირისპირება არ მოხდეს. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და ორი ქუთაისელი გულშემატკივარი დააკავა, თუმცა მალევე მოხდა მათი გათავისუფლება.

დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, რის გამოც  გულშემატკივრებმა თამაშზე შესვლა ვერ შეძლეს. 

"ქუთაისი 2010"-ის გულშემატკივრებთან ერთად, რუსთავში "ტორპედოს" გულშემატკივრებიც იყვნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო დაცული. როგორც  ჩვენთან საუბარში  აცხადებენ, ადგილზე პატრულის მიერ მალე განიმუხტა მდგომარეობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე 173-ე მუხლებით, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პატრულის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, დაკავებული იყო ორი გულშემატკივარი, რომლებიც მალევე გათავისუფლდნენ. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ კი თამაში განახლდა.

როგორც ცნობილი ხდება, ინციდენტი მოხდა თამაშზეც, რის გამოც მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება და გულშემატკივრებს დარბაზი დაატოვებინა. 

ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა “ქუთაისი” 15 ქულით იგებდა და პირველი ნახევარის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა, იმერული კლუბის მწვრთნელი, კოტე ტუღუში არბიტრმა დავით ბერეკაშვილმა პროტესტის გამო ტექნიკურით დააჯარიმა. დარბაზის დაცვის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ მსაჯსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იწყებოდა და ვითარების განსამუხტავად ტუღუშთან მიიჭრა, რომელსაც ბექა წივწივაძე გამოესარჩლა და შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რასაც ვითარების დაძაბვა მოყვა. ტრიბუნებიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, მაყურებელთა ნაწილი კი მოედანზე გავიდა. 

ქუთაისის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი კოტე ტუღუში "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ დარბაზში დაძაბულობა გულშემატკივრის მოედანზე შესვლას მოყვა, გარეთ რა მოხდა, დეტალები მისთვისაც უცნობია. 

"გარეთ რა მოხდა, არ ვიცი, რამ განაპირობა დაპირისპირება, რაც შეეხება შიგნით არსებულ ამბავს, ერთ-ერთი გულშემატკივარი შევიდა მოედანზე, რაც არ შეიძლება. ამას მოყვა ინციდენტი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გუნდები გულშემატკივრების გარეშე რჩებიან. მნიშვნელოვანი თამაში იყო და ასეთ თამაშს დაძაბულობა თან ახლავს, რამე განსაკუთრებული არ მომხდარა", -განაცხადა კოტე ტუღუშმა.

“ქუთაისი 2010”-მა რუსთავის "რუსთავი" 74:63 ქულით დაამარცხა.  

გადამწყვეტი, მე-5 მატჩი 20 მაისს, ქუთაისში გაიმართება და გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის ფინალში გავა. როგორც კოტე ტუღუში აცხადებს, დაძაბული თამაშის გამო ქუთაისის სპორტის სასახლეში სრული მობილიზება იქნება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა