|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოზარდები ქართული საგალობლების შესწავლას უფასოდ შეძლებენ

ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სასწავლებელში ქართული საგალობლების განყოფილება გაიხსნა. სასწავლებელი მერიის ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში"  შედის. საგალობლების განყოფილების პრეზენტაციას გაერთიანების ხელმძღვანელობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კულტურის ააიპის ინფორმაციით, საგალობლების განყოფილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური  მხარდაჭერით გაიხსნა. ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ინსტრუმენტის შეძენა და სასწავლო ოთახის კეთილმოწყობა გახდა შესაძლებელი.  განყოფილებას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მალხაზ ერქვანიძე უხელმძღვანელებს.

„ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო. ქართული საგალობლების ისტორია გელათის აკადემიიდან იწყება. ქუთაისში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც მომავალი თაობა საგალობლების ხელოვნებას დაეუფლება. განყოფილების გახსნით, იმედი მაქვს, რომ დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და უახლოეს მომავალში, ამ ისტორიულ ქალაქში, ქართული საგალობლების შესწავლის პროფესიული სკოლაც გაიხსნება" – აღნიშნა მალხაზ ერქვანიძემ.

 განყოფილება გაერთიანების ფილიალში მხოლოდ პირველ ეტაპზე იფუნქციონირებს. სწავლება ერთსაფეხურიანი იქნება, რომელიც ოთხ წელს მოიცავს. აღსაზრდელები შეისწავლიან გალობას, სიმღერას და სოლფეჯიოს. ხოლო, მომავალში, ქუთაისში საგალობლების სკოლის გახსნა იგეგმება, სადაც მუსიკალური განათლების მიღება საბაკალავრო ხარისხით მოხდება.

მსგავსი სკოლები საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად იხსნება. უკვე ფუნქციონირებს ჩოხატაურში და უახლოეს პერიოდში სკოლა თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის ბაზაზე ჩამოყალიბდება.

  საგალობლების განყოფილებამ ფუნქციონირება ქუთაისში ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებელში 2 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო. პირველი შესარჩევი ეტაპის შედეგად 12 მოსწავლე ჩაირიცხა. მიღებას განყოფილება თვის ბოლომდე გააგრძელებს. შესაბამისი მონაცემების მქონე 9-დან 12 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ გაიარონ შესარჩევი ეტაპი და უფასოდ დაეუფლონ ქართული საგალობლების ხელოვნებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა