რისთვის იღებს ქუთაისის მერია 6 მილიონიან სესხს?
ქუთაისის მერია ფინანსთა სამინისტროდან 6 მილიონი ლარის სესხად აღებას გეგმავს.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ გამოიტანა. მისი განცხადებით, თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებისთვისაა საჭირო, რისთვისაც ვადად სექტემბერია განსაზღვრული.
"ეს არის ფულადი რესურსის მონაცვლეობა, ეს თანხები მაინც შემოვა წლის ბოლოსათვის, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები სექტემბერში უნდა დასრულდეს, ავიღებთ უპროცენტო სესხს წლის ბოლომდე". მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტებისათვის, როგორიცაა ნინოშვილის ქუჩის შესახვევების, ხუნდაძის ქუჩა და სხვა ასეთი ქუჩების მოწყობა, თანხის 65%-იხდის მთავრობა, 35-ს კი ქალაქი.
წინასაარჩევნო პერიოდში(რომელიც დღეიდან უკვე ძალაში შევიდა) სესხის აღება გააპროტესტეს საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ქათამაძე და ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ამირან ძოწენიძემ.
"6 მილიონი ლარის აღება პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დამთავრდეს სექტემბერში, სწორედ ამიტომ უნდა ავიღოთ უპროცენტო სესხი ხელისუფლებისაგან. მე ვიკითხე და კონკრეტულად ვერ ასახელებენ, თუ რომელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება სექტემბერში. ცხადია, ეს თანხა მათ სჭირდებათ არჩევნებისათვის"-აცხადებს ნატო ქათამაძე.
მისი თქმით, აქ მეორე კურიოზია ის, რომ თანხას ახლანდელი მერი იღებს და გადასახდელად უტოვებს სხვას - "იცის, რომ თვითონ მერი აღარ იქნება", - აღნიშნავს ქათამაძე.
შოთა მურღულიას განმარტებით, უპროცენტო სესხის აღებაში განსაკუთრებული არაფერია "ჩვეულებრივი ამბავია, რომ წლის ბოლომდე აიღო სესხი, რადგან გადასახადების დიდი ნაწილი ბიუჯეტში შემოდის სექტემბერსა და ნოემბერში. ქალაქში პროექტები დაჩქარებულად მიმდინარეობს და ჩვენ ასე გვქონდა განსაზღვრული, რომ სექტემბერში უნდა დასრულდეს. რომ არ მოხდეს შეფერხება, ამიტომ ვიღებთ სესხს", -განაცხადა შოთა მურღულიამ. მისი თქმით, თუ ვინმე ამას წინასარჩევნო პეროდს დაუკავშირებს, ეს იქნება უცოდინრობით გამოწვეული, რადგან ახალი პროექტის დამატემა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში დაიგეგმა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა უმეტესობა სექტემბერსა და ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
ავტორი: ირინა მაკარიძე