|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ანტისაოკუპაციო წარწერების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

"რუსეთი მტერია" -"არა ოკუპაციას" - აღნიშნული წარწერებისაგან  ქუთაისის მერიის კიბეები დაუყოვნებლივ გაასუფთავეს.

სტიკერები მერიის კიბეებთან, ისე როგორც ქალაქის ქუჩებში, არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ანტისაოკუპაციო აქციის ფარგლებში გააკეთეს. 

"მერე იტყვით არ მუშაობენო, უნიათოები არიანო,  25 თებერვალია, ოკუპაციის დღე, თან უქმე- კვირა. მერიის წინ ეს წარწერები ორი საათის წინ მივაკარით, ერთი დღეც არ იგუეს და უსწრაფესად აღგვეს პირისაგან გრანიტისა.. "პროდასავლელი" ნიათიანები", - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი და შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.

ქუთაისის  მერიაში ადასტურებენ, რომ "მყისიერი რეაგირება" სწორედ მათ მოახდინეს.

"საქართველოს მთვრობას და ჩვენც გაჟღერებული გვაქვს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვეთანხმებით იმ აზრს, რომ დღეს არის ოკუპაციის დღე, მაგრამ გამოხატვის ეს ფორმა, რომ მერიის კიბეებზე, ან ადმინისტრაციულ შენობაზე ასეთი წარწერები გაკეთდეს, მიუღებელია. ამასთან ეს ისჯება კანონით", -განაცხადა  ზვიად ჯავახიამ.

მისი თქმით, ტერიტორია მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა დაასუფთავა. 

რაც შეეხება თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრება "დამრღვევებს"  ჯავახიას თქმით, ჯერ მათი იდენტიფიცირება მოხდება, ხოლო  რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მათ, ამას სასამართლო დაადგენს. 

ზვიად ჯავახიამ  მსგავს პრეცედენტს, რომ ვინმე მერიის კიბეებზე გაკეთებული წარწერის გამო დაეჯარიმებინათ, ვერ იხსენებს, თუმცა იმავე კიბეებზე ნათლად ჩანს სხვა, უფრო ადრინდელი წარწერის კვალი. 

დაჯარიმდებიან თუ არა ანტისაოკუპაციო წარწერების გამო "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები, ამას მოკლე ხანში შევიტყობთ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა