|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" კომპეტენციას უწუნებს

არაკომპეტენტურობა და საქმის უცოდინრობა–ასეთი შეფასება მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის პრეზენტაციას, რომელიც მერიის ინფრასტრუქტრული საქმიანობის ხარვეზებს ეხებოდა. ქუთაისის მერიის ადმინიტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ ორგანიზაციის ბრალდებებს უპასუხა. ჯავახიას განცხადებით, საეჭვოა, რომ ზურაბ ზამბახიძის მიერ გაკეთებული ბლოგპოსტის შესახებ ინფორმაცია "საერთაშორისო–გამჭვირვალობის" ცენტრალურ ოფისს ჰქონდეს.

"ზურაბ ზამბახიძე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო და მან უნდა იცოდეს, რომ 2103 წლიდან ვერცერთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე ვერ მიიღებ რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხას, თუ არ არსებობს პროექტი, შესაბამისად, ზამბახიძის განცხადება თითქოს, პროექტები არ არსებობს და ისე მოვითხოვეთ თანხა, არასწორია. ასევე არ გვაქვს კოორდინაციის პრობლემა სახელმწიფო კომპანიებთან, პირიქით აქტიურად ვთანამშრომლობთ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყველა ვალდებულებას შეასრულებს. ასე რომ ჩვენ არცერთ თეთრს არ ვხარჯავთ არამიზნობრივად",–განაცხადა ჯავახიამ.

მან კომენტარი ორგანიზაციის პროექტის "cchemikucha.ge"–ის შესახებაც გააკეთა და განაცხადა,  რომ პროექტი გამართული არაა და მისით სარგებლობა, როგორც რიგითი მოქალაქეებისათვის, ასევე მერიის სამსახურისთავისაც შეუძლებელია.

"თუ მოძებნით, ნახავთ, რომ ეს პროექტი გაუმართავია და როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება, როდესაც ვერ შევდივართ საიტზე? ან რა მოსატანია 17 განცხადება, რომელიც თურმე ამ პროექტის მეშვეობით გაჟღერდა, მაშინ, როდესაც მოქალაქეების 300 განცხადება დევს კეთილმოწყობის სამსახურში და ყველაზე დროული რეაგირება მოხდა. ამიტომ, ზურაბ ზამბახიძეს ვურჩევ, რომ არ გააკეთოს მსგავსი არაკომპეტენტური განცხადება და არ შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში",–აღნიშნა ჯავახიამ.

მერიის ადმინისტარციული სამსახურის უფროსის განცხადებით, თვითმმართველობა აღნიშნული ბრალდებების შესახებ ინფორმაციას დროულ რეაგირებასთვის ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისს მიაწვდის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი