|
  • EUR 1 = GEL 3.3422
  • USD 1 = GEL 2.9841
|

ქუთაისის მერიამ საკრებულოს დეპუტატის ოჯახის კომპანიასთან 711 286 ლარის ხელშეკრულება გააფორმა

„ნიუპრესი“ აგრძელებს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების და მათში გამარჯვებული კომპანიების შესწავლას. ამჯერად, შპს  „გი-ან  2011“-თან გაფორმებული ხელშეკრულებები შევისწავლეთ.

შპს „გი-ან 2011“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიაა. მისი მფლობელი მაჟორიტარი დეპუტატის მამა გია კოპალეიშვილია.

2018 წლიდან კომპანიამ მერიის გამოცხადებული ოთხი ტენდერი მოიგო. ჯამში, კომპანიასთან 711 286 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. 

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით, NAT190006892 კომპანიას  გელათის ქუჩის პირველი ჩიხის გზის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. 80 413 ლარიან ტენდერში თავდაპირველად  75 000 ლარი დააფიქსირა, თუმცა ხელშეკრულების დადების შემდეგ სამუშაოების დამატების გამო, თანხა დაახლოებით, შვიდიათასი ლარით გაიზარდა და  82 499  გახდა.

86 253 ლარიან ტენდერში NAT190006881 კომპანიამ  80 900 ლარად გაიმარჯვა და ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მერვე შესახვევის გზის (სანიაღვრე და საყრდენ კედელთან ერთად) რეაბილიტაცია მოახდინა.

210 000 ლარად გამოცხადებულ ტენდერში NAT190002241 გაიმარჯვა კომპანიამ და  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოები 199 999 ლარად შეასრულა.

გასულ წელს მერიის გამოცხადებულ  ერთ ტენდერში -NAT180007514 გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება   400 000 ლარი იყო, თუმცა კომპანიამ  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობა 347 888 ლარი მოახდინა.

 

ოჯახის კომპანიის ტენდერებში მონაწილეობას და გამარჯვებას, მის ფაქტორს არ უკავშირებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი. მისი თქმით, ვიდრე მაჟორიტარი გახდებოდა,  ოჯახის კომპანია ქუთაისში გაცილებით მეტი ღირებულების სამუშაოებს ასრულებდა.  

"არ ირღვევა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი.  ამასთან, ვერ დავადასტურებ, რომ ჩემი ფაქტორით ხდება ტენდერების მოგება, რადგან თუ გადავხედავთ წინა წლებს გაცილებით მეტი ღირებულების სამუშაოებს ასრულებდნენ. მამაჩემი ცდილობს, სხვა მუნიციპალიტეტებში გავიდეს. რაც შეეხება მოგებულ ტენდერებს, ეს ხდება იმ გამოცდილებით და სარეკომენდაციო წერილებით, რაც გააჩნია კომპანიას. კომპანია წარმატებით ასრულებს ყველა პროექტს"-განაცხადა ამირან კოპალეიშვილმა. 

შპს "გი-ან 2011"-თან ხელშეკრულებები წინა მერის დროსაც გაფორმდა. კომპანიამ 2017 წელს ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვანდებულებები ვადებში ვერ შეასრულა და ხელშეკრულება რამდენიმე თვით გაიხანგრძლივა. 

კომპანიას კიდევ ერთი არასრულად შესრულებული პროექტი უკავშირდება. ხარაზოვის ბაღში კომპანიას სკვერის ტერიტორიის შემოღობვა და შადრევნის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. კომპანიის ხელმძღვანელი გია კოპალეიშვილი აცხადებდა, რომ  მხოლოდ  შემოღობვის სამუშაოები შესრულდა, რადგან მოგვიანებით მერიამ შადრევნის პროექტის შეცვლა მოინდომა, რის გამოც აღნიშნული სამუშაოები ვერ მოესწრო.

ამირან კოპალეიშვილის განმარტებით, სამუშაოების დროს ხდება პროექტში ცვლილების შეტანა და ამ შემთხვევებშიც ასე მოხდა. მისი თქმით, ვადების გახანგრძლივება ცვლილებებს და ცუდ ამინდს უკავშირდებოდა. ამასთან, განმარტავს, რომ კომპანიამ სამუშაოები გვიან, მაგრამ ხარიხსიანად შეასრულა. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის განმარტებით, საკრებულოს დეპუტატის ოჯახის კომპანიისთვის ხელშეკრულების გაფორმება არ არღვევს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონს, თუმცა კითხვის ნიშნებს აჩენს. "საყურადღებოა, როდესაც ტენდერებს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაახლოებული კომპანიები იგებენ. ჩნდება ეჭვი, რომ გამარჯვებულის გამოვლენა, შერჩევით ხდება, ამიტომ ზედამხედველმა ორგანოებმა მონიტორინგი უნდა მოახდინონ, რამდენად სწორად ხდება გამარჯვებულის გამოვლენა და ნაკისრი ვანდებულებების შესრულება"-განმარტავენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ კოპალეიშვილების საკუთრებაში არსებულ კორპუსში რამდენიმე წელია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაა განთავსებული. 

ამასთან, ამირან კოპალეიშვილი ერთ-ერთია, რომელიც გასულ წელს ქუთაისის საკრებულოს ოპოზოციონერი დეპუტატის ცემის ფაქტში  ფიგურირებდა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 75.36%
ჯერ ადრეა - 17.39%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.25%
სულ - 69 ხმა