|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაჯარიმდება თუ არა "მაკდონალდსი" ქუთაისში დაწყებული სამუშაოების გამო?

ქუთაისში  „მაკდონალდსის“ მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია  და ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩერებინონ  ინვესტორს მშენებლობა, ვიდრე პროექტი არ დამტკიცდება.

„ყველამ ვიცით, რომ პროექტი არ არსებობს, მაგრამ სამუშაოები დაიწყო. მერიას მივწერე, შეაწყვეტინონ სამუშაოების განხორციელება ინვესტორს და დააჯარიმონ, რადგან პროექტის გარეშე დაიწყო შენება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ისტორიულ ქალაქში როგორი ტიპის მშენებლობა დაიწყო. უნდა დაგვარწმუნონ, რომ   პროექტი არ დაამახინჯებს ქალაქის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილს. მერიის მიერ გაცემული პასუხი იყო გასაოცარი, თურმე ეს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია. კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ქუთაისის მერიაში არიან  ფულის მონები ",-განაცხადა წულაიამ. 

სულხან ქობულაძის განცხადებით,  ეს არის უკანონობა და მშენებლობა უნდა  შეწყდეს. ის  ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს დააჯარიმონ კომპანია და შეაწყვეტინონ სამუშაოები. 

აქცია პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას მოსახლეობასთან ერთად ქონდა დაგეგმილი, თუმცა მშენებლობის გასაპროტესტებლად მხოლოდ ორი მოქალაქე მივიდა, რაც აქციის ორგანიზატორთა იმედგაცრუების მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, ქუთაისში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე თვეში "მაკდონალდსის" მეორე რესტორანი გაიხსნება, რომლის მშენებლობისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯება.

 როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ტერიტორიაზე  ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშოები კი პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი