|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას კინოფესტივალის პროექტის მოპარვაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერიას პროექტის მოპარვაში ადანაშაულებენ, რის გამოც, შესაძლოა, სასამართლო დავაც დაიწყოს. საქმე ეხება მერიის კულტურის განყოფილების მიერ დაანონსებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს.

ყოფილი კინო „ბრაზერსის“ მფლობელი, ბიზნესმენი ლევან ჭავჭანიძე ამტკიცებს, რომ ფესტივალი, რომლის დაწყებასაც მერია რამდენიმე კვირაში ანონსებს, მისი პროექტია და ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტანა მერიაში, თუმცა მერიამ დაფინანსებაზე უარი უთხრა. ჭავჭანიძე ასევე განმარტავს, რომ ფესტივალი უშუალოდ კულტურის განყოფილების უფროსის მირანდა კუპრავას და მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის  მიერ დაიბლოკა. ამავდროულად ირწმუნება, რომ თამთა თურმანიძე, რომელიც პროექტს კურატორობს, მის პროექტს დასცინოდა, ახლა კი პროექტი ერთი–ერთზე გადაიღო, ისე რომ მისი სახელიც კი არ შეცვალა.

„როდესაც გავიგე მერიის დაანონსებულ პროექტზე, გავეცანი და ვნახე, რომ ჩვენი პროექტის ანალოგიურია. 2016 წლის სექტემბრის ბოლოს შევიტანეთ მერიაში. მერმა მოიწონა და კულტურის სამსახურში გადაგვამისამართა.  სამსახურის უფროსის მოადგილეებმა თამთა თურმანიძემ და მირანდა კუპრავამ აბუჩად აგვიგდეს და იცინოდნენ, როდესაც პროექტს ვაცნობდით.  მიუხედავად მერის მოწონებისა, პროექტი არ დაფინანსდა. როდესაც სამსახურის უფროსს ვაჟა ჯუღელს ვკითხე, მითხრა– „რა ვქნა,  ვავალებ მოადგილეებს და არ აკეთებენო“. ასე ჩაიშალა ეს პროექტი, უარის შესახებ ოფიციალური პასუხიც არ მიგვიღია. ახლა პროექტი მოიპარეს და მიისაკუთრეს.  ანალოგიურია, სახელიც იგივე ქვია, „თეთრი ხიდი“, ვადაც ნოემბერი გვქონდა განსაზღვრული, რომ მეცლია, ალბათ, ლოგოსაც ჩვენსას დაადებდნენ. ჩვენ გვეწერა, რომ კინო ცენტრთან უნდა გვეთანამშრომლა და ესეც გადაიღეს, იქ იყო კიდევ რაღაც ნიუანსები, მაგრამ, ალბათ, ვერ "გაქაჩეს" და რაც გაიგეს, ის გადმოწერეს.  ეს პროექტი მისმა ავტორმა ჩვენ გვაჩუქა, ჯერ მისთვის არ მითქვამს და ახლა რომ გაიგოს, ალბათ, გადაირევა. ამას ასე არ დავტოვებთ და სასამართლოს მივმართავთ“, –განაცხადა ლევან ჭავჭანიძემ. მისი თქმით, მისი ნათქვამის დასტურად, შესაძლოა, 2016 წლის სექტემბერში  შესული პროექტები შეისწავლონ.

 „ნიუპრესის“ არქივში არსებობს მასალა, რომელიც 2017 წელს არის გამოქვეყნებული. იქ ლევან ჭავჭანიძე ნამდვილად საუბრობს ფესტივალზე სახელწოდებით „თეთრი ხიდი“. აქვეა მირნადა კუპრავას პასუხი,  რომელიც ადასტურებდა, რომ პროექტი საინტერესოდ არ მიიჩნია და არ მოეწონა, თუმცა ამბობდა, რომ დაფინანსება მასზე არ იყო დამოკიდებული.

ლევან ჭავჭანიძის თქმით, მერიის მიერ პროექტის დაბლოკვის და  უპერსპექტივობის გამო კაფე კინო „ბრაზერსმა“ მუშაობა ვეღარ გააგრძელა და დაიხურა. 

აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს 2017 წლის მასალიდან

 

ბრალდებას უარყოფს მერიის კულტურის განყოფილების უფროსი თამთა თურმანიძე. მისი თქმით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტი უკვე არსებობდა 2015 წლის ბიუჯეტში,თუმცა იმ წელს  პროექტი ვერ განხორციელდა. 

"მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტი უკვე იყო ჩასმული 2015 წლის კულტურის ბიუჯეტში. სამწუხაროდ, იმ წელს, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა. წელს, თავიდანვე ეს პროექტი ხელახლა ჩაისვა ბიუჯეტში, რადგან არსებობს კონცეფცია, რომ ქუთაისი ნამდვილად გახდეს საფესტივალო ქალაქი და ისედაც ქალაქი, საიდანაც დაიწყო ქართული კინოს ისტორია, ნამდვილად იმსახურებს მნიშვნელოვანი კინოფორუმის მასპინძლობას. ბუნებრივია, ფესტივალი საკმაოდ სერიოზულ მომზადებას და გამოცდილებასაც მოითხოვს. შესაბამისად, როდესაც მივიღეთ შემოთავაზება საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან ერთობლივი კინოფორუმის გამართვის თაობაზე, სიამოვნებით დავთანხმდით ამ ორი ღონისძიების გაერთიანებას, რაზეც გავაფორმეთ კიდეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რაც შეეხება სახელწოდებას "თეთრი ხიდი", ეს იდეა დაიბადა იქედან, რომ წელს, 3 მაისს აღნიშნულ ხიდზე მოეწყო რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და ბუნებრივია ქუთაისისთვის დიდი კინო, სწორედ გაბრიაძესთან და თეთრ ხიდთან ასოცირდება"-განაცხადა თამთა თურმანიძემ. რაც შეეხება ჭავჭანიძის პროექტზე უარის თქმას, თამთას თქმით, ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
 
პროექტი "თეთრი ხიდი" ლევან ჭავჭანიძეს რომ ეკუთვნოდა, ადასტურებს მერიის კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსი მირანდა კუპრავა. მისი თქმით, პროექტზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და თავად არ იყო გადაწყვეტილების მიმღები.
 
"ამ პროექტის არსებობას ჩემზე უფრო გავლენის მქონე პირებიც დაადასტურებენ. არ მგონია, არ ახსოვდეს მაშინდელი ქალაქის მერს ბატონ შოთა მურღულიას და მაშინდელი სამსახურის უფროს ვაჟა ჯუღელს. ეს იყო ფაქტი, რომელზეც იმ დროს საკმაოდ ბევრი სტატია დაიწერა. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, როდესაც პროექტი შემოიტანა ბატონმა ლევანმა და არ მივიჩნიე მიზანშეწონილად ქალაქის მწირი ბიუჯეტის გამო. გადაწყვეტილების მიმღები პირი არ ვიყავი, მე პოზიცია დავაფიქსირე"-განაცხადა მირანდა კუპრავამ.
 
რაც შეეხება ფესტივალს „თეთრი ხიდი“ მერიის მიერ 16–19 ნოემბერს არის დაანონსებული. პროექტის მონაწილეთა სასტუმროს უზრუნველსაყოფად 15 000 ლარიანი ხელშეკრულება სასატუმრო "ბაგრატთან" ფორმდება. შეირჩა ფესტივალის ადგილი კინო „საქართველო", თუმცა ჯერჯერობით მონაწილე ფილმები შერჩეული არაა.
 

"ამ ქალაქში ინვესტიციას აღარასდროს განვახორციელებ"-კინოთეატრის ბედი ქუთაისში

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა