|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას საკრებულოს დეპუტატი სასამართლოში უჩივის

ქუთაისის მერიას  საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი სასამართლოში უჩივის. მან  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა.  მეშველიანი მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვას ედავება. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მოვამზადეთ სარჩელი და დღეს მივმართეთ ქუთაისის სასამართლოს. ის ინფორმაცია, რომელიც გამოვითხოვეთ, ქუთაისის #4 პოლიკლინიკასთან დაკავშირებით, არის საჯარო და მე დარწმუნებული ვარ,  შევძლებთ, რომ მერია სასამართლომ დაავალდებულოს და ასე მაინც მივიღოთ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია", -განაცხადა მერაბ მეშველიანმა. 

დეპუტატმა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებზე დაყრდნობით რამდენიმე თვის წინ მოამზადა კვლევა ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ების შესახებ. კვლევაში ვერ მოხვდა ქუთაისის მერიის შპს "მეოთხე პოლიკლინიკის" შესახებ ინფორმაცია, რადგან მერიამ ეს ინფორმაცია არ გასცა.

ამასთან, დეპუტატის დაინტერესება ქუთაისის მერიის მიერ პოლიკლინიკისათვის სამედიცინო აპარატურის შეძენის ფაქტმაც გამოიწვია. როგორც მეშველიანი აცხადებს, ქუთაისის მერიამ აპარატურა ყადაღადადებული პოლიკლინიკისათვის შეიძინა.

"გადაწყვეტილება #4 პოლიკლინიკისათვის სამედიცინო აპარატურის გადაცემის შესახებ საკრებულომ მიიღო,  პოლიკლინიკის დირექტორი განცხადებაში აღნიშნული სამედიცინო აპარატურის შეძენის მიზეზად ასახელებს შემდეგ გარემოებას, რომ სამედიცინო საშუალებებით შესაძლებელია მოემსახურონ პაციენტებს და დამატებითი შემოსავლები გაუჩნდება პოლიკლინიკის.  წარმოდგენილი რეესტრის დოკუმენტაციით დგინდება, რომ პოლიკლინიკას ყადაღა ადევს. როგორც დეპუტატს, მაინტერესებს,  გაირკვეს, რა არის პოლიკლინიკაზე ყადაღის დადების მიზეზი? თუ ყადაღა მოხსნილია, რატომ არ მოხდა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება?  მერიიდან გამოვითხოვე ინფორმაცია პოლიკლინიკაში ჩატარებული არაგეგმიური ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტორული ანგარიშის შედეგების შესახებ, რომელიც  არ მოუწოდებიათ, "-აცხადებს მერაბ მეშველიანი. 

მერიის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელი სასამართლოში დღეს შევიდა, მიიღებს თუ არა სასამართლო საქმეს წარმოებაში, ეს მოკლე ხანში გაირკვევა. როგორც "საიას" ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტეს, მეშველიანს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს ეხმარებიან, მხოლოდ სარჩელის მომზადებაში გაუწიეს დახმარება, ხოლო სასამართლოზე დაიცავენ თუ არა მის ინტერესებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.

ქუთაისის მერიაში მერაბ მეშველიანის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, ინფორმაცია საჯარო არ იყო და ვერ გასცემდნენ. 

"პოლიკლინიკა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია მოგების მიღების მიზნით. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ სამეწარმეო იურიდიული პირების მხოლოდ ის ხარჯები არის საჯარო, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო, ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მეოთხე პოლიკლინიკა არ ფინანსდება არც ადგილობრივი და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამოკიდებულია საკუთარ შემოსავლებზე. მათი მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნებოდა კომერციულ საიდუმლოებას და ამიტომ ეთქვათ უარი. თუ რაიმე კუთხით მეოთხე პოლიკლინიკის დაფინანსება მოხდა სახელმწიფო, ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროვებთ. ამ შემთხვევაში კი, ეს არის კომერციული საიდუმლოება, რომლის გამჟღავნების შემდეგ, პოლიკლინიკას შეიძლება მიადგეს ფინანსური ზიანი,"-განაცხადა  ირაკლი გიორგაძემ.

 შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის შპს "მეოთხე პოლიკლინიკის" დირექტორი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლე ნინო ჩალაძეა. ის ამ თანამდებობაზე დალაქიშვილის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ მოვიდა.

 

"პოლიკლინიკას შეეძლო ეს აპარატები მერიის გარეშე, თავისი ხარჯებით შეეძინა"

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა