|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მერიას შეეძლო ტრანსპორტზე ფასების ზრდა თავიდან აეცილებინა“

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებას მერიის მიერ მოსაკრებლის გაზრდას უკავშირებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ორგანიზაციის წევრმა ლაშა შალამბერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლება ადმინისტრაციული ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. შალამბერიძის განცხადებით, მერია და საკრებულო თუ შეამცირებდნენ პრემია- დანამატების მიღებას,  ტრანსპორტის ღირებულება აღარ გაიზრდებოდა.

„საქალაქო-სამარშრუტო ტრანსპორტი გაძვირდა 10 თეთრით, რაც მოსახლოების ფინანსურ მდგომარეობას ართულებს. ეს ფაქტი დაკავშირებულია არა საწვავის ფასის გაზრდასთან, როგორც განგვიცხადეს, არამედ მოსაკრებლის გაზრდასთან, რამაც რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მძღოლები. 

მოსაკრებელი 2017 წელს თითქმის 400 000 ლარით არის გაზრდილი. ჩვენ მათ შევთავაზეთ გამოსავალი, რაზეც უარი განაცხადეს და მოახდინეს ტარიფების გაზრდა. მერიამ, რომელმაც დაახლოებით პრემია-დანამატის სახით 800 000 ლარი გასცა, შეეძლო შეემცირებინა დანამატები და შეენარჩუნებინა ტარიფები“, -განცხადა ლაშა შალამბერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებზე ადგილობრივ თვითმმარველობაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის გაძვირებასა და პრემია-დანამატებზე არაერთხელ გაკეთდა კომენტარი.

"ეს კიდევ ერთი პოლიტიკური აფსურდის თეატრია, რომელსაც ამჯერად, იმიჯის განსაახლებლად ახალი სახეებით წარმოადგენენ. არაერთხელ გაკეთდა კომენტარი ტრანსპორტის გაძვირებასა და დანამატებზე, მაგრამ ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ყოველჯერზე ახლებურად ცდილობს", -აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილიდან ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობოს ღირებულებამ  10 თეთრით მოიმატა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი