|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოს ძალით სამსახურში დააბრუნეს

ქუთაისის მერიამ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღადგინა.  

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილის თამარ მინაძის განცხადებით,  მან სამსახურში აღდგენის ბრძანება 14 აგვისტოს მიიღო, ამასთან 5 თვის განაცდურიც აუნაზღაურდა. 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიას თამარ მინაძის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა, ამასთან სასამართლომ მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.   

როგორც თამარ მინაძე აცხადებდა, სამსახურდან მის გაშვებას საფუძვლად ათწუთიანი დაგვიანება დაედო. მომხდარში მინაძე პირადად მერს და მის მოადგილეს ადანაშაულებდა, ამჯერად კონკრეტულ პირებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ   დისკრიმინაციის საქმე განსახილველად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება, რის შემდეგაც მოხდება კონკრეტული პირების გამოვლენა, ვინც კანონდარღვევაში მონაწილეობდა.

"დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ თავად დაადგინა, რის შემდეგაც სამართალდამცველი ორგანოები საქმეში ჩაერთვებიან. ვინც დისკრიმინაციას ახორციელებდა საჯარო მოხელის მიმართ, ყველა უნდა დაისაჯოს. დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, რაც უნდა დასრულდეს"-აცხადებს  მინაძე.  

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა ფაქტის შეგუებას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გააპროტესტებენ.

"ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამარ მინაძის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მისი გათავისუფლების ბრძანება და აღდგა სამსახურში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მართალია კანონიერ ძალაში შევიდა, მაგრამ ექვემდებარება გასაჩივრებას. სააპელაციო საჩივარი უახლოეს საათებში წარედგინება სასამართლოს"-განაცხადა მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ. 

სასამართლოში თამარ მინაძის ინტერესებს ადვოკატი პაატა შავიძე იცავდა.  

ავტორი: ირინა მაკარიძე