|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის მერიამ სამშენებლო რეკონსტრუქციის მოსაკრებელი გააორმაგა

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით სამშენებლო ნებართვის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. საკრებულოს მხარდაჭერილი ცვლილებით, ამიერიდან სამშენებლო მოსაკრებელი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის შემთხვევაში გათანაბრდა.

მერიის არქიტექტურის ააიპის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მშენებლობისთვის ვადა კვადრატულ მეტრზე ოთხი ლარი იყო, რეკონსტრუქციისთვის-ორი. 

"აქამდე უსამართლო პირობებში ვაყენებდით სხვებს. თუ  ერთსართულიანი შენობა იყო და ზემოთ უნდა დაეშენებინათ ოთხი სართული, ითვლებოდა, როგორც რეკონსტრუქცია და ამ შემთხვევაში, იმ სართულებზე  მხოლოდ ორ ლარს ვახდევინებდით და თუ მშენებლობას იწყებდა, მაშინ - ოთხ ლარს. შეიძლებოდა, რომ არაკეთილსინდისიერ ნებართვის მაძიებელს, პირველად ერთ სართულზე შემოეტანა ნებართვა და შემდეგ  სხვა სართულებს დაარქმევდა რეკონსტრუქციას და გადაიხდიდა ორ ლარს. ჩვენი 112-ე დადგენილებაში შევიტანეთ ცვლილება და ყველა გადაიხდის ოთხ ლარს", -განაცხადა მამუკა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, 115-ე დადგენილებაში შესული ცვლილებით, სამშენებლო მოსაკრებლისგან გათავისუფლდა კერძო სახლები, ამასთან გაუქმდა დებულება, რომლითაც ეს ნებართვა არ მოქმედებდა კულტურული ძეგლის არეალში მდებარე შენობებზე. ამიერიდან, მერიის გადაწყვეტილებით, სახლებზე ნებართვის მოპოვება იქნება უფასო. 

ავტორი: ნიუპრესი