|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს. ირაკლი გიორგაძე, რომელიც ამავდროულად მერიის იურისტია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

მის მიერ კოდექსის დარღვევა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კვლევაშიც მოხვდა. ორგანიზაციის წარმოადგენლის განცხადებით, ირაკლი გიორგაძე სამუშაო საათებში იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და სოციალური ქსელით  “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ მასალებს აზიარებდა. ორგანიზაციამ საკითხის შესასწავლად,  #59–ე ქუთაისის საოლქო კომისიას მიმართა და ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება და მერიის იურისტის დაჯარიმება მოითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი გიოგრაძე 2000 ლარით დაჯარიმდება.

ირაკლი გიოგრაძე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან, როგორც გიორგაძემ განაცხადა,  ის არასამუშაო საათებსა და შაბათ-კვირას ახდენდა მასალების გაზიარებას.

„საკითხის განხილვა მიმდინარეობს და ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით, საოლქო კომისია განიხილავს და გადაწყვეტს არის თუ არა დანაშაული. მე არასამუშაო საათებსა და შაბათ-კვირას ვაზიარებდი ჩემი მეგობრის ვებ-გვერდს. გადაწყვეტილების მიღებამდე ვერაფერს ვიტყვი”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

მერიის წარმომადგენლის წინააღმდეგ საჩივრის შესვლას ადასტურებენ საოლქო კომისიაში. კომისიის პრესსამსახურის განცხადებით, საკითხის განხილვა ჯერ ჩანიშნული არ არის.

“სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ  ანგარიშში, ასევე შევიდა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის ნიკა ნარსიას ბრალდება “ქართული ოცნების” ქუთაისის კანდიდატის წინააღმდეგ. ნიკა ნარსიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი- კახა ბოჭორიშვილი მხარდამჭერს სიებს თხოვს. ნარსიას ინფორმაციით, კახა ბოჭორიშვილი  დასაქმების მსურველთა სიას ითხოვდა.

 

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში განაცხადეს, რომ ეს არ იყო დასაქმების მომლოდინე ადამიანთა სია, მათი ინფორმაციით, მათ ყოველთვის აქვთ სიები და ამ სიებით მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ დარეგისტრირდნენ “hr.ge”-ზე.

ანგარიშში ასევე მოხვდა საოლქო კომისიის დაკომპლექტების დროს გამოვლენილი დარღვევა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საუბნო კომისიები იმ ადამიანებით დაკომპლექტდა, რომელსაც წინა არჩევნების ორივე ტურში გაფრთხილება ქონდა მიცემული. იურისტების ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები საარჩევნო კომისიების მიმართ უნდობლობას აჩენს.

საოლქო კომისია გამოთქმულ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიებში არიან  პირები, რომელთაც წინა წლებში გაფრთხილება მიეცათ, რადგან ამ ადამიანებს კანონით კომისებში ყოფნა არ ეკრძალებათ.

ნესტან ჩაგელიშვილი,

“ახალი გაზეთი”

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა