|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლიერების გამო დავხატე" -იტალიაში გამოფენილი ქუთაისის მერის პორტრეტი კრიტიკის მიზეზი ხდება [VIDEO]

ქუთაისის დელეგაციის იტალიაში გამგზავრება და იქ ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტის გამოფენა ადგილობრივი ოპოზიციის ყურადღების ცენტრში მოექცა.

"ქუთაისის მერი ბიუჯეტის ხარჯზე იტალიაში გაყვა მხატვრებს, სადაც "საზეიმო" ვითარებაში გამოფინა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სურათი. იტალიელები აღფრთოვანებული შეხვედრიან ამ ამბავს, დიდი "პატივია", რომ "მსოფლიო დონის" "სახელმწიფო მოღვაწის" პორტრეტი პირველად ჩვენთან გამოიფინაო.  

 ეხლა ქუთაისის მერიისა და აიპების 4300 თანამშრომლის მოთხოვნით ეს სურათი ჩამოვა ქუთაისში და მის გადათხრილ ქუჩებში მოეწყობა დემონსტრაციები, სადაც "მადლიერი" მოსახლეობა მიესალმება ქუთაისის მერის სურათს,  ასევე გაიჟღერებს მერისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები.

P.S. ვიდეოს მეორე ნაწილში ამ დემონსტრაციის ანონსია, აბა ბატონო მერო, შენ იცი, ამ პოსტსაც შემოასიე მერიის თანამშრომლები და პარტიის აქტივისტები, არ დაზოგო არც თავი და არც მათი ენერგია", -წერს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია სოციალურ ქსელში და მათ მიერ შექმნილ  ვიდეოშარჟს აზიარებს. 

როგორც გიგა შუშანიამ "ნიუპრესს" განუცხადა, მათთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის ვიზიტისათვის ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების ოდენობა, რის შესახებაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას გეგმავენ. "ვაპირებთ, გამოვითხოვით ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯა ქალაქის ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისათვის. თავდაპირველად,  მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიზიტი მათი მხარდაჭერით განხორციელდა, საინტერესოა, რა დროს ტყუოდნენ, მაშინ, თუ ახლა?"-აცხადებს გიგა შუშანია.

 

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვალერი მეძმარიაშვილის განცხადებით, ქუთაისელი მხატვრები დაძმობილებულ ქალაქ კოზენცაში იტალიური მხარის მიწვევით გაემგზავრნენ. 

"იტალიაში 16 მხატვარი გაემგზავრა. მათ იქ შემქნენ ნამუშევრები, მათ შორის დახატეს ქუთაისის და კოზენცას მერები. ისინი 2 კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებდენ სხვადასხვა სახის პლენერში, ვორქშოფში და თავიანთი შემოქმედება იტალიელ კოლეგებს გააცნეს. რაც შეეხება ქალაქის მერს, ლევან გოგატაძემ დახატა, როგორც ჩვენი ქალაქის, ასევე კოზენცას მერი და საჩუქრად გადასცა მათ", -განუცხადა "ნიუპრესს" ვალერი მეძმარიაშვილმა.

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, იტალიაში შექმნილი ნახატების გამოფენა ქუთაისში გალერეაში "ვარლა" გაიმართება. 

მადლიერებას უკავშირებს მის მიერ ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტების დახატვას მხატვარი ლევან გოგატაძე.

"მადლიერების გამო დავხატე.  არა მხოლოდ ქუთაისის, კოზენცას მერიც დავხატე.  მთავრობის ხაზით პირველად მოეწყო ასეთი პლენერი ქვეყნის გარეთ, ამიტომ მადლიერება ასე გამოვხატე და ეს ნახატები საჩუქრად გადავეცი მათ", -განაცხადა ლევან გოგატაძემ.

მისი თქმით, პლენერში მხოლოდ ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ, ორი კვირის განმავლობაში ისინი ხატავდნენ სხვადასხვა ნამუშევრებს, საიდანაც ნაწილი კოზენცას მუზეუმში რჩება. როგორც ლევან გოგატაძე განმარტა, მისი ინფორმაციით, პერიოდულად, კოზენცაში სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების დელეგაციები ჩადის და თავიანთი ნამუშევრების ნაწილს კოზენცას მუზეუმს უძღვნიან.  

  

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  ქუთაისელმა მხატვრებმა იტალიის ქალაქ კოზენცაში საერთაშორისო პლენერში Bocs Art მიიღეს მონაწილეობა. რაც შეეხება ოფიციალურ დელეგაციას,  ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე  იტალიური მხარის მიწვევით დასკვნით გამოფენაზე  იმყოფებოდნენ.  

იტალიის ქალაქი კოზენცასა და ქუთაისის დამეგობრების შესახებ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის მაისის თვეში გააფორმეს. აღნიშნული ურთიერთობები კულტურულ, ეკონომიკურ და ტურისტულ საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს.

ქუთაისის მერის განცხადებით, ეს ურთიერთობები კოზენცაში მოღვაწე წარმოშობით ქუთაისელმა, ცნობილმა მევიოლინემ ვიტალი სამხარაძემ და ენრიკო გრანაფეიმ დაიწყეს.  მსგავსი თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო სფეროებშიც არის დაგეგმილი.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა