|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუნიციპალიტეტში გარეგანათების მომსახურება გაძვირდა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"

ქუთაისის მუნიციპალიტეტში გარეგანათების მომსახურება გაძვირდა- ინფორმაციას არასამავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ერთ-ერთი იურიდიული პირი კი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ბოლოს დააფუძნა ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისია”. მისი შექმნის საფუძვლად მერიამ ფულადი სახსრების ეკონომია დაგვისახელა, თუმცა გარე განათების ქსელისა და შუქნიშნების მოვლა/ექსპლოატაცია მერიას დღეს მეტი უჯდება, ვიდრე გასულ წლებში.

"ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” 2018 წლის 23 იანვრიდან მუშაობს, მისი ძირითადი ფუნქცია გარე განათების 16,000 წერტილისა და 29 შუქნიშნის მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაციაა.

“ქუთგანათების სერვისის” შექმნამდე ქუთაისის მერია განათების ქსელის ექსპლოატაციის მომსახურებას ტენდერით ყიდულობდა, რომელშიც 2012-2017 წლებში უკონკურენტოდ შპს “გლობალ სერვისი” იმარჯვებდა.

“ქუთგანათების სერვისმა” გარე განათების წერტილებისა და შექნიშნების ექსპლუატაციისთვის 2018 წელს 1,626,587 ლარი დახარჯა, 2019 წელს - 1,506,145 ლარი, 2020 წელს კი 1,690,000 ლარს დახარჯავს. გარდა ამისა ა(ა)იპი ქუთაისის მერიისგან დამატებით იღებს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს"-ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ კომპანიის შექმნისას საშტატო ნუსხა 43 ერთეულით, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება თანამშრომლებისთვის ჯამურად 32,650 ლარით განისაზღვრა.

2019 წელს თანამშრომელთა რაოდენობა 51-მდე, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ანაღაურება 39 900 ლარამდე გაიზარდა, ასევე 2015-2017 წლებში ტენდერი არაგონივრული ხარჯთაღრიცხვით ცხადდებოდა და არაკონკურენტულ გარემოში ტარდებოდა. 2018 წლიდან “ქუთგანათების სერვისის” შექმნას კი ხარჯების შემცირება არ გამოუწვევია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოზიციით, ქუთაისის მერიამ გარე განათებისა და შუქნიშნების საექსპლოატიციო მომსახურება უნდა განახორციელოს არა მუნიციპალური იურიდიული პირის მეშვეობით, არამედ შეისყიდოს ტენდერის მეშვეობით. ტენდერის გამოცხადებამდე კი მუნიციპალიტეტმა მომსახურების სავარაუდო ღირებულება გონივრულად დაიანგარიშოს, სატენდერო პირობები კი ისე ჩამოყალიბდეს, რომ ტენდერები კონკურენტულ გარემოში გაიმართოს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი