|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება

16-22 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი - მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.

 მუსიკალური ფორუმის ორგანიზატორები არიან  ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი დავით ღვინიანიძე და მისი საერთაშორისო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“.  

მრავალფეროვანია საფესტივალო პროგრამა და წონადია მისი შემოქმედებითი შემადგენლობა. ცხადია, საბაზო კოლექტივი ქუთაისის ოპერის თეატრია - სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. საფესტივალოდ ქუთაისს ეწვევიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები - თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრე კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი, დავით ღვინიანიძე. საფესტივალო პროგრამაშია რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ (სამივე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე), კამერული მუსიკის საღამო,  ფესტივალის საზეიმო გალა-კონცერტი. ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტი რაულ მელო კი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერ-კლასსაც ჩაატარებს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი გმირია დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, რომელიც წარუძღვება სამივე სპექტაკლს, გალა-კონცერტზე მასთან ერთად ლევან ჯაგაევიც იდირიჟორებს.

საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

აქვე წარმოგიდგენთ ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის სრულ პროგრამას:

16 სექტემბერი - ფესტივალის საზეიმო გახსნა, რ. ლეონკავალო „ჯამბაზები“. მონაწილეობენ: რაულ მელო (კანიო), თამარ ივერი (ნედა), ალექსანდრე კირეევი (სილვიო), სულხან გველესიანი (ტონიო), ირაკლი მურჯიკნელი (ბეპე);

17 სექტემბერი - ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტის, რაულ მელოს მასტერ-კლასი;

18 სექტემბერი - ჯ. ვერდი „ტრავიატა“. მონაწილეობენ: მარია პახარი (ვიოლეტა), ბადრი ადამია (ალფრედ ჟერმონი), კონსტანტინე სუჩკოვი (ჟორჟ ჟერმონი), ლარისა ანდრეევა (ფლორა), ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ცინცაძე (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი), აკაკი იოსელიანი (ექიმი), მარიეტა მაჩალაძე (ანინა);

 19 სექტემბერი - კამერული მუსიკის საღამო. მონაწილეობენ:  ლარისა ანდრეევა, მარია პახარი, ალექსანდრე კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, დავით ღვინიანიძე. კონცერტმაისტერი - თემურ ელიავა;

 20 სექტემბერი - რ. ლეონკავალო „სოფლის ღირსება“. მონაწილეობენ: რაულ მელო (ტურიდუ), ლარისა ანდრეევა (სანტუცა), სულხან გველესიანი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), ელენე ჯანჯალია (ლუჩია);

 22 სექტემბერი - გალა-კონცერტი - ფესტივალის დახურვა.

 სპექტაკლებისა და კონცერტების დასაწყისი 19 საათზე.

reportiori.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა