|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ჭიჭინაძემ ქუთაისის საკრებულოს სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა დავით ჭიჭინაძემ სამსახურიდან მისი გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა. ჭიჭინაძე სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს.

"ვარ პირველი კატეგორიის სპეციალისტი. 2017 წლის დეკემბერში გამომიშვეს სამსახურიდან. ჩავთვალე, რომ უკანონოდ გამათავისუფლეს და სასამართლოს მივმართე. სასამართლომ გადაწყვეტილება 28 სექტემბერს გამოიტანა და საკრებულოს სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა", -განუცხადა "ნიუპრესს" დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის ადვოკატის ნინო შავგულიძის განცხადებით, ადმინისტრაციული დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლეილა მილდენბერგერმა განიხილა.

"სარჩელი დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენას, ან ტოლფასი სამსახურის შეთავაზებას და განაცდურის ანაზღაურებას ითვალისწინებდა.  მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწოდა კიდეც საკრებულოს წარმომადგენელს, აღედგინათ ეს ადამიანი მის პოზიციაზე, რადგან  მის მიერ დასმულ ყოველ კითხვაზე საკრებულოს ადვოკატის პასუხი იყო, რომ არც განცხადებით მიუმართავთ არავისთვის, არც სარეზერვო ჯგუფში ჩაურიცხავთ, არც მობილობა შეუთავაზებიათ, რაც ადმინისტრაციულად ყოვლად შეუძლებელია. ადამიანი, როდესაც თანამდებობაზე უვადოდ არის გამწესებული, გაუშვა და სანაცვლოდ არაფერი შესთავაზო, შემდეგ კი იმავე პოზიციაზე გამოაცხადო კონკურსი და მიიღო სხვა თანამშრომელი, დაუშვებელია. სასამართლომ ჩვენი მოსაზრება სრულად გაიზიარა და ჭიჭინაძის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო", -განაცხადა ნინო შავგულიძემ.  

საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში იურისტი დავით ბენიძე იცავდა. 

ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ დავით ჭიჭინაძის სამსახურიდან გათავისუფლება საკრებულოს აპარატში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველზე, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოხდა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მისი აღდგენის გადაწყვეტილებას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასამართლოს გადაწყვერილება ჯერ არ ჩაბარებია.

საკრებულოს ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის საკრებულოდან 2 თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა