„სამხატვრო სკოლის“ შენობიდან სოციალურად დაუცველები, შესაძლოა, გამოასახლონ
ქუთაისის "სამხატვრო სკოლის" ყოფილ შენობაში სოციალურად დაუცველები ამ დრომდე ცხოვრობენ. რამდენიმე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. შენობაში არ არის წყალი, გაზი და ელექტროენერგია. მიუხედავად ამისა, იქ მცხოვრებლები ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ, რადგან მათი განცხადებით, სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ქალაქის მერია, თუმცა როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, იქ მყოფთა მდგომარეობის გათვალისწინებით რადიკალურ ზომებს ვერ იღებენ.
შენაბაში წლების წინ "სამხატვრო სკოლა" ფუნქციონირებდა. იუსტიციის სახლის მშენებლობის პარალელურად სკოლის ადმინისტრაციას შესთავაზეს გარკვეული დროით შენობის დატოვება. რეაბილიტაციის შემდეგ კი სკოლის უკან დაბრუნება იგეგმებოდა. სამხატვრო სკოლა ამჟამად თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. მიუვალი ადგილმდებარეობა არაერთხელ გახდა „სამხატვრო სკოლის“ პროტესტის მიზეზი. ადმინისტრაცია ძველ შენობაში დაბრუნებას, ან ახალ ფართში გადაყვანას ითხოვს.
მერიის აიიპ „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ, რომლის დაქვემდებარებაში არის „სამხატვრო სკოლა“, შენობიდან სოციალურად დაუცველთა გამოსახლება მოითხოვა. ქუთაისის განვითარების გეგმის „2021“-ის განხილვის დროს ქაროსანიძემ თვითმმართველობას მიმართა მოეხდინათ "სამხატვრო სკოლის" ყოფილი შენობიდან იქ შესახლებულთა გამოყვანა და შენობის ძველი მფლობელებისათვის დაბრუნება.
„კარგი იქნებოდა, თუ სტრატეგიულ გეგმაში შევიტანდით ერთ-ერთ პუნქტად და "სამხატვრო სკოლაში" ძველ ბინადრებს დავაბრუნებდით. ვინაიდან იქ არის სათანადო გარემო, რაც სჭირდება ახალგაზრდებს“, - განაცხაად ქაროსანიძემ.
მის მოთხოვნას მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა უპასუხა. პაატა კლდიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მათ არაერთხელ ჰქონიათ მიმოწერა, თუმცა საკითხის სენსიტიურობის გამო რადიკალურ ზომებს ვერ იღებენ.
მერიაში განმარტავენ, რომ ირაკლი აბაშიძის #18-ში მდებარე შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, გარკვეული პერიოდის წინ მერიის ააიპ „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას“ გადაეცა. მოხდება თუ არა სოციალურად დაუცველთა გამოსახლება, ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი