|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა

დღეს ონლაინ ღია კარის დღე ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართა.

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები საინფორმაციო შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ კითხვებს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ცენტრის დირექტორი და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები პასუხობდნენ. კითხვები შეეხებოდა როგორც გამოცდებისათვის მზადებას, რეგისტრაციას, ასევე კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებულ  სხვადასხვა საკითხს.

 

შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდა. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

 

აბიტურიენტთა უკეთესად ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღეების ჩატარება  ნოემბრის თვიდან დაიწყო. ონლაინშეხვედრა უკვე გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. 

 

ღია კარის დღეები ეტაპობრივად სხვა რეგიონების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვისაც გაიმართება. მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით არიან განაწილებულნი. კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.   

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი