ქუთაისმა გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა (ვიდეო)
გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქუთაისმა უმასპინძლა. კონცერტი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდმა, ქორმაისტერი ირინე ლომინაძე. კონცერტში ასევე ლიზა ბაგრატიონი მონაწილეობდა, მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა, რასაც ქუთაისელი მაყურებლის ოვაციები მოჰყვა. ღონისძიებაზე შესრულდა გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ნაწარმოებები, მინიატურული ალტისა და ფორტეპიანოსთვის მაესტროს უკვდავი ქმნილება "სტიქსი".
"ძალიან საპასუხისმგებლოა წარსდგე ქუთაისელი მსმენელის წინაშე. როგორც ჩანს, ამ პასუხისმგებლობას თავი გავართვი, რადგან ქუთაისელი მაყურებლისგან დიდი სითბო და ოვაციები მივიღე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ქუთათურებს. ორკესტრთან ეს იყო პირველი კონცერტი და ძალიან სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა, მით უფრო რომ ეს საღამო უდიდესი კომპოზიტორის გია ყანჩელის იუბილეს მიეძღვნა", - აღნიშნა ლიზა ბაგრატიომა.
ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გია ყანჩელს სპეციალური საჩუქარი გადასცა და საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა. ღონისძება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი