|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რომ არა არჩევნები, პრივატიზების გეგმას შევასრულებდით"- პაატა კლდიაშვილი

2016 წელს  ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან, გეგმით გათვალისწინებული 3 500 000 ლარის ნაცვლად, 2 217 229 ლარი შევიდა, რაც საერთო თანხის დაახლოებით 64%-ია. 

პრივატიზების გეგმის შეუსრულებლობას მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. პანტელეიმონ კლდიაშვილის თქმით,  რომ არა არჩევნები, გეგმა შესრულებადი იყო.

„ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა გვქონდა, დაახლოებით 3 500 000 ლარის ოდენობის, ჩვეულებრივ სიტუაციაში ის არ იყო შეუსრულებელი, თუმცა, ფაქტია, რომ ამდენი შემოსავალი წლის განმავლობაში ვერ იქნა მიღებული. ამას თავისი მიზეზები აქვს, თუ ჩვენ გავაანალიზებთ წინა წლების ფაქტობრივ მონაცემებს, აშკარად ვნახავთ, რომ ყველაზე აქტიური პერიოდი წლის განმავლობაში მუნიციპალური ქონების პრივატიზებისთვის არის წლის მეორე ნახევარი და ძირითადი აქტივობა პოტენციური ინვესტორების მხრიდან სწორედ ამ პერიოდში შეიმჩნევა. თქვენ იცით, რომ საკმაოდ გრძელი საარჩევნო პერიოდი გამოგვივიდა და ნებისმიერ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი არის ინვესტორებისთვის იმის სტიმული, რომ შეიკავონ თავი მსხვილი ინვესტიციისგან. ეს დადასტურდა ამ შემთხვევაშიც, ამან უარყოფითი გავლენა იქონია გეგმის შესრულების დროს. მეორე ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა, იყო ის, რომ ჩვენ შემოვიღეთ საშეღავათო პერიოდი. კერძოდ, უპრეცედენტო განვადება მუნიციპალური ქონების იმ შემძენთათვის, რომლებიც ამ ქონებას გამოიყენებდნენ სასტუმროს მშენებლობისთვის. ამ შეღავათით სარგებლობის ბევრი მსურველი გამოჩნდა. ერთი მაღალღირებული მიწის ნაკვეთი გავყიდეთ განვადებით, ამანაც მოახდინა გავლენა გეგმის შესრულებაზე, თუმცა, ეს თანხა 2017 წელს შევა ბიუჯეტში.

არჩევნების შემდეგ, დეკემბერში, ჩვენ გავყიდეთ 660 000 ლარის ქონება. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი გეგმა შესრულებადი იყო, ამას ემატება ისიც, რომ დეკემბრის ბოლოს გაყიდული ქონების ნაწილის ასახვა ვერ მოესწრო წინა წლის ბიუჯეტში. მართალია, ამ თანხით გეგმა არ შესრულდებოდა, მაგრამ მონაცემები შეიცვლებოდა“, – განაცხადა კლდიაშვილმა.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წელს გაასხვისა 65 ერთეული უძრავი ქონება. აქედან: 9 ერთეული შენობა-ნაგებობა (3 971,72 კვ.მ საერთო ფართობი, 13 466,49 კვ.მ მიწის ფართობით, აქედან 8 015 კვ.მ თანასაკუთრების მიწა), 51 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 22 390 კვ.მ და 5 ერთეული შენობა-ნაგებობა დაშლა-გატანის პირობით.

ქუთაისის მერიის მიერ 2016 წელს გასხვისებული ობიექტებიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ 2 217 229 ლარი შეადგინა. მათ შორის: შემოსავალმა სახელმწიფო არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია – 103 574 ლარი შეადგინა; შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან – 970 080 ლარი; შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვიდან – 765 544 ლარი; შემოსავალი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე – 281 627 ლარი და შემოსავალი მიწაზე უფლების აღიარებიდან – შემოსავალი 96 404 ლარი.

 

 

 

 

წყარო: factcheck.ge

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი