ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი 2020 წლის დასაწყისში შემოვა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში 60 ერთეული ახალი ავტობუსი 2020 წლის დასაწყისში შემოვა და ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ავტობუსები იქნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული.
ტენდერი ორ ლოტად გამოცხადდა, პირველი ლოტით გათვალისწინებულია 117 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი