|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრებ 6 დევნილ ოჯახს დროებით საცხოვრებელს ატოვებინებენ

ქუთაისში, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებ 6 დევნილ ოჯახს, დროებით საცხოვრებლებს ატოვებინებენ.

ქუთაისის მერია, რომელსაც აღნიშნული შენობა დევნილთა სამინისტრომ გადასცა, მასში სოციალური საცხოვრისის მოწყობას გეგმავს. ამისთვის კი დევნილებმა ფართი უნდა დაცალონ, თუმცა, არც ერთ მათგანს ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს. ისინი 27 წელია ბინის მიღებას უშედეგოდ ელოდებიან. ახლა კი მერია ეუბნება, რომ შენობა, სადაც დროებით შეაფარეს თავი, უნდა დატოვონ.

დევნილებს ადგილობრივი თვითმმართველობისგან შესაბამისი წერილი უკვე მიუვიდათ, სადაც წერია, რომ შენობის რეაბილიტაციას ექვსი თვე დასჭირდება, ამ ხნის განმავლობაში მათ ალტერნატიულ ფართში ქირას მერია გადაუხდის, თუმცა, დევნილებმა არ იციან, რა იქნება ექვსი თვის შემდეგ.

"ოთხი წელია აქ ვცხოვრობ მცირეწლოვნებით. დევნილთა სამინისტრომ შემომიყვანა აქ იმ მიზნით, რომ აქ მცხოვრები დევნილების ბინით დაკმაყოფილების საკითხი იყო განხილვაში და მეც მათ შორის მოვხვდებოდი. გაურკვეველ სიტუაციაში ვარ. ეს შენობაც სანატრელი გამიხდა. ვრჩები ღია ცის ქვეშ. დევნილთა სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა და მოგვაქციოს ყურადღებას", - ამბობს მადონა ყუბანეიშვილი.

დევნილების აქციას შეურთდა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია. მისი თქმით, ქუთაისის მერია გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს და ახლაც უნდა შენობის რეაბილიტაციის თანხა ისევე მიითვისოს და გაფლანგოს, როგორ ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისის მოწყობის შემთხვევაში მოხდა.

"მოვუწოდებ ქუთაისის მერს, არ გაბედოს ამ ადამიანების პოლიციის ძალით გამოსახლება. ერთი სული აქვთ, როდის გაყრიან ამ ადამიანებს ქუჩაში, რომ ისევ შეჭამონ ის ერთი მილიონი, როგორც შეჭამეს 4 500 00 ლარი პირველ სოციალურ საცხოვრისზე", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერია პასუხისმგებლობას, დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილების შესახებ, სააგენტოს აკისრებს და ამბობს, რომ აღნიშნულ ოჯახებს ფართით იქამდე უზურნველყოფს, ვიდრე დევნილთა სამინისტრო მათ საცხოვრებლით არ დააკმაყოფილებს.

"ამჟამად დარჩენილია დევნილთა ექვსი ოჯახი, რომლებსაც ვთავაზობთ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციამდე ბინების საიჯარო ქირით დაკმაყოფილებას, ვიდრე არ დასრულდება ჩვენი სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშუნულ საცხოვრისში. ამის შემდგომ, თუ ამ პერიოდში მათი ბინებით დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყო სააგენტომ, ვაძლევთ პირობას, რომ კვლავ დაბრუნდებიან აღნიშნულ რეაბილიტირებულ ბინებში და გააგრძელებენ ცხოვრებას", - განაცხადა საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა