|
  • EUR 1 = GEL 3.0125
  • USD 1 = GEL 2.4351
|

ქუთაისში „ღიმილის ქალაქის“ მანათობელი ყუთი დააზიანეს

ქუთაისში ახლადდამონტაჟებული მანათობელი ყუთი დაზიანებულია. ტურიზმის ცენტრის მიერ ქალაქში განთავსებული ყუთი უცნობმა პირებმა გუშინ გატეხეს.

ააიპი "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის პაატა ლილუაშვილის განცხადებით, ობიექტები ჯერ შემსრულებელ კომპანიას არ ჩაუბარებია მათთვის, ამიტომ ჯერ უცნობია, ვინ მოახდენს მომხდარზე რეაგირებას.

„მანათობელი ყუთი გუშინ დაზიანდა. ვინაიდან, ეს ობიექტები ჯერ არ ჩაგვიბარებია,  შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს და ხვალ გვეცოდინება, ვის მიერ მოხდება საქმის დაწყება. ჩვენ ვცდილობთ, კომპანიასთან თანამშრომლობით აღდგეს ეს ყუთი, რომ არ მოხდეს დამატებითი ხარჯის გაწევა. აუცილებლად დაიწყება საქმის მოკვლევა,  დამნაშავე დაისჯება“-განაცხადა პაატა ლილუაშვილმა.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „პატიო არტმა“ გაიმარჯვა. მან ქალაქში ექვსი მცირე და ერთი დიდი ზომის მანათობელი ყუთი განათავსა. სტენდები ქუთაისის სლოგანის „ღიმილის ქალაქი“ ფარგლებში განთავსდა.  

 

ფოტო: ხვიჩა ვაშაყმაძე

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი