|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ბიზნეს ინტერესებს მორგებული ნახევარმილიონიანი პროექტი?

ქუთაისში, ბარნოვის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 571 000  ლარი იხარჯება. მერიის მტკიცებით, პრობლემის მოგვარება ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა, რადგან ღია არხი მათ პრობლემების უქმნის.

განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს "ნიუპრესს", აღნიშნულის თანახმად, ღვარსადენის მოწყობით მერია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მიმდებარედ მშენებლობა საკრებულოს დეპუტატის მაია სიმონიძის ოჯახის კომპანიამ დაიწყო.  ამავე ინფორმაციით, მშენებარე კორპუსში ფართებს ფლობენ მერიის მაღალჩინოსნები.

რუსთაველის ქუჩაზე მრავალსართულიანი ბინის მშენებლობაზე ნებართვა 2017 წელს გაიცა. შპს "კასა დეველოპმენტმა" მერიის ბალანსზე არსებული ტერიტორია ორასი კვ. მეტრი ფართობი 2016 წელს დაირეგისტრირა. ნებართვის მიხედვით, მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ადგილზე მშენებლობა სწორედ ღვარსადენის პრობლემის გამო შეფერხებით მიმდინარეობდა, რადგან ღია ღვარსადენის გამო ტერიტორია არამდგრადია და კორპუსს საფრთხეს უქმნის. 

ღვარსადენის პროექტის მის მშენებლობასთან კავშირის შესახებ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს საკრებულოს დეპუტატი მაია სიმონიძე. მისი თქმით, პირველად ესმის მსგავსი ინფორმაცია და არც ის იცოდა აქამდე, რომ ღვარსადენი მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა.

"თქვენგან მესმის პირველად, რომ ღვარსადენი ამ ტიპის პრობლემას ქმნიდა. მე იქ ვცხოვრობდი და მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. არაა მართალი, თითქოს ჩემი მშენებლობის გამო დაიწყო ეს პროექტი, რა კავშირშია მშენებლობასთან? შეგიძლიათ, ნახოთ, საძირკველი მშრალია და არანაირი პრობლემაა. თურმე რამხელა გავლენა მქონია, მერიას პროექტი გავაკეთებინე. ამასთან, კორპუსსა და ღვარსადენს შორის ელექტრო ჯიხურია და გამოდის, რომ მასაც პრობლემა აქვს, ასევე სხვა კორპუსებია იქ",-განაცხადა მაია სიმონიძემ. 

წყაროს ინფორმაციით, ღვარსადენზე საკანალიზაციო მილებია დაერთებული და უხვი წყლის გამო პრობლემებს ქმნის, ნიადაგი არამდგრადია და მშენებარე კორსუსისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  ამის პასუხად მაია სიმონიძის განმარტავს, რომ მშენებლობას გეოლოგიური დასკვნები ახლავს და რაიმე საფრთხე არ არსებობს.

ღვარსადენიდან გადმოსული წყლით გამოწვეულ პრობლემას ადასტურებენ ადგილობრივებიც. ჩვენთან საუბარში ვერ იხსენებენ, მიმართეს თუ არა მერიას წერილობით. 

 

"ნიუპრესმა" მოქალაქეების განცხადებების გაცნობის მოთხოვნით მერიას მიმართა, წარმოდგენილ  წერილს რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ ახლდა. არ იყო მითითებული სარეგისტრაციო ნომერი და არც თარიღი, რაც დაადასტურებდა, განცხადების რეალურობას. რადგან დაჩქარებული ვადის გამო განცხადების ადგილზე გაცნობა მოვითხოვეთ, მერიაში არც განცხადების ასლის გაკეთების ნება მოგვცეს. 

ღვარსადენის მოწყობას და  მაია სიმონიძის მშენებლობის კავშირს არ ადასტურებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი.  მისი თქმით, პროექტი ღვარსადენის პრობლემის გამო, მოსახლოების მოთხოვნით დაიწყო და ტენდერიც გამოცხადდა. ჩვენმა კითხვამ, მოახდინა თუ არა პროექტის დაჩქარებაზე გავლენა საკრებულოს დეპუტატის ინტერესებმა, ბექა ყურაშვილი გააღიზიანა.

არსებული ინფორმაციით, მშენებარე კორპუსში ფართებს ფლობენ მერის მოადგილეები ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა, სწორედ ეს გახდა ერთ–ერთი ფაქტორი, მიმდებარედ დახურული ღვარსადენის მოწყობის.   ინფორმაციას ქონების მფლობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ ადასტურებს მაია სიმონიძე. მისი თქმით, მშენებარე კორპუსში ფართი აქვს ნინო თვალთვაძის მეუღლეს, რომლის გამოყენებასაც ბიზნესის კუთხით გეგმავს. მისი თქმით, უგულავას სახელზე შენობაში ფართი არაა რეგისტრირებული.  

     

ღია ტიპის ღვარსადენი, რომლის მოწყობაც ხდება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა