ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა [VIDEO]
ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში მულტიმედიური შოუ მოეწყო, რის შემდეგაც აუდიტორიის წინაშე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, კომპანიის "aigroup" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი, კომპანიის სხვა წარმომადგენლები, ასევე სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია წარსდგნენ.
მინისტრის განცხადებით, იწყება რეგიონში პირველი, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, ქუთაისური წარმოშობის ელექტრომობილების წარმოება.
"ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა და დაპირდა საქართველოს, რომ მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი. დღეს მაქვს პატივი დავაანონსო ეს პროექტი და ვთქვა, რომ ვასრულებთ ამ დანაპირებს. ქართული კომპანია "აი გრუპი", რეგიონში ერთ-ერთი ინდუსტრიის ლიდერის, ჩინური კომპანიის "ჩანგანის" დახმარებით იწყებს ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კომპანიის "აი გრუპი" ხელმძღვანელის კახა გულედანის ინფორმაციით, „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.
"დასრულების სტადიაზეა ქარხნის პროექტირება და ძალიან მოკლე ხანში ჩვენ გადავალთ აქტიურ სამშენებლო ბაზაში, ვგეგმავთ საწარმოო ხაზის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო იხილავს პირველ ქართულ ელექტრომობილებს, ამ დროისათვის ჩვენ უკვე დასაქმებული გვეყოლება 300-სზე მეტი ადამიანი. სრული დატვირთვის პირობებში, ვგეგმავთ ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას მთელი ქვეყნიის მასშტაბით", - განაცხადა კახა გულედანმა.
პროექტის დასაწყისში საწარმოში 4 მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით -Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზარზე გავა, რაც ექსპორტის ზრდას და ვალუტის გადინების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქტების, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა. "aigroup" რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მის შემადგენლობაში შედის "aicar" "aienergy", aipower" და "aiproduction". კომპანია პროექტებს განახორციელებს ენერგოეფექტური ეკონომიკის მიმართულებით. განხორციელდება მომავლის პროექტები, რომელიც საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით დააყენებს, სადაც პრიორიტეტის მწვანე ბიზნესის წარმოება და ელექტროენერგიის მიღების ინდუსტრიული ალტერნატიული წყაროების შექმნაა.
კომპანიის "aicar" დირექტორის გიორგი ხუროძის განცხადებით, ქუთაისში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი იქნება შესაძლებელი.
კახა გულედანის განცხადებით, ქუთაისი იბრუნებს ინდუსტრიული ქალაქის სახელს. ქუთაისში გაიხსნება პროფესიული კოლეჯი და ასევე "სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინის საერთაშორისო ინსტიტუტი", რომელიც საწარმოსათვის კადრებს მოამზადებს.
რაც შეეხება პირველი ელექტრომობილის სახელს, მისი თქმით, ეს იქნება სიურპრიზი, თუმცა სახელი დაკავშირებული იქნება საქართველოს ერთიანობასთან.
სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერის ზვიად ციკოლიას განცხადებით, პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე ის იმუშავებს.
"მე პირადად ვარ ბედნიერი, ჩემი ოცნება ასრულდა, მე მინდოდა, რომ ავტომობილების წარმოება ყოფილიყო საქართველოში და მით უმეტეს ელექტრომობილების წარმოება, ამას ემატება ისიც, რომ მე ვარ ჩართული ამ პროცესებში და სამომავლოდ ვიმუშავებ პირველ ქართულ მსუბულ ელექტრომობილზე, რომელიც წარსდგება სულ მალე ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ დავიწყებთ ამ მანქანის არა მარტო საქართველოში გაყიდვას, არამედ მთელ მსოფლიოში", -განუცხადა ზვიად ციკოლიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, "მომავლის მანქანა", პირველ რიგში, გათვლილი იქნება ქართველ მომხმარებელზე, როგორც კომფორტის და გამძლეობის, ასევე ფასის მხრივ.
ავტორი: ირინა მაკარიძე