|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაწილობრივ მოგვარებული პრობლემა და მოუწესრიგებელი საპირფარეშო ქალაქის ცენტრში

გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქუთაისისთვის გადმოცემული სამი საზოგადოებრივი საპირფარეშოდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს.  ცენტრალურ ბულვარში არსებული ობიექტი, რომელიც წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, ამუშავდა, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ.

 მოქალაქეები საზოგადოებრივი ტუალეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, ამავდროულად, აცხადებენ, რომ შენობაში სველი წერტილები სრულად არ მუშაობს.

"საზოგადოებრივი საპირფარეშო აუცილებელია ქალაქში, თორემ ყველა ხე და შენობა მოქალაქეებმა ტუალეტად აქციეს. სამწუხაროა, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი საპირფარეშო ფუნქციონირებს, ისიც მოუვლელი და მოუწესრიგებელია. კარგია, რომ გახსნეს, თუმცა ბოლომდე მიეყვანათ საქმე და წყალიც სრულად მიეწოდებინათ",- განაცხადა რუსუდან  ცინაძემ

ცენტრალურ ბულვარში მდებარე საპირფარეშო იდეაში  შშმ პირებზეც არის გათვლილი.  მoწყობილია პანდუსი, მაგრამ შშმ პირთათვის განკუთვნილი კუთხე ამ დროისთვის დაკეტილია.

საზოგადოებრივი ტუალეტი "წითელი ხიდის" მიმდებარედ, ავტობუსების გაჩერებასთან მოეწყო, რომელმაც ფუნქციონირება გახსნისთანავე შეწყვიტა.

"ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, არა მარტო ქალაქში, არამედ ჩვენს კულტურაშიც. ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივი საპირფარეშოები  მოეწყოს.  აქ ავტობუსების გაჩერებაა და აუცილებელია მსგავსი ობიექტი, ტაქსისა და ავტობუსის მძღოლებმა რა ქნან? რამდენჯერმე მოვიდნენ ამ ადგილზე, იძახდნენ მალე გაიხსნებაო, მაგრამ მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ისე დაზიანდა შენობა, მუშაობასაც ვერ მოასწრო",-განაცხადა მოქალაქემ კახაბერ ლოსაბერიძემ.

სამი საზოგადოებრივი საპირფარეშოს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადმოცემა საზოგადეობას ქალაქის მერმა ამცნო. მისი განცხადებით, ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემა აღარ იქნებოდა. ობიექტები მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ბალანსზეა. ააიპის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბულვარში არსებული საპირფარეშო დიდი ხანია მუშაობს და მოქალაქეებს მისით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ. რაც შეეხება "წითელი ხიდის" მიმდებარედ არსებულ ობიექტს, მის შესახებ ააიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ინფორმაციას არ ფლობს. მისი განცხადებით, არ იცის აღნიშნულ ადგილზე საპირფარეშო თუ არსებობს. 

აღსანიშნავია, რომ "წითელი ხიდის" მიმდებარედ რამდენიმე თვეში ტურისტული ცენტრი გაიხსნება, ადგილი ქალაქში ჩამოსული ტურისტებისათვის ერთ-ერთ ლოკაციად იქცევა, რაც საზოგადეოებრივი ტუალეტის ფუნქციონირებას კიდევ უფრო საჭიროს გახდის. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი