|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" ჭკვიანები არიან"-ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

ქუთაისში თვითმმართველობის მიერ წლების წინ გასხვისებული ქონების შემსწავლელმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი  დროებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ გრიგოლ ქობალიანმა დღეს საკრებულოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა.  მისი განცხადებით, ჯგუფმა წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ობიექტების შესწავლისას მნიშვნელოვანი კანონდარღვევა ვერ იპოვა.  მისი  განცხადებით,  ობიექტების გასხვისების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013-2015 წლებში ფიქსირდება.

 ქობალიანის განცხადებით,  შვიდწევრიანი ჯგუფმა მუშაობა სამი წევრით დაასრულა, რამაც საქმიანობა გაართულა.

„ენთუზიაზმით შექმნილმა ჯგუფმა მხოლოდ სამი წევრით დაასრულა მუშაობა. დავრჩით მე, გელა გაბადაძე და გურამ ტოროშელიძე, სხვებმა მუშაობაზე უარის განაცხადეს, რის გამოც 10 წლის განმავლობაში გასხვისებული ობიექტების შესწავლა მხოლოდ ჩვენ მოგვიხდა. ვთვლი, რომ თავიდანვე ამ ჯგუფის შექმნა ემოციური უფრო იყო, ვიდრე აუცილებელი. მე ვერავინ დამაბრალებს „ნაციონალების“ მხარეს ყოფნას, მაგრამ ისინი ჭკვიანები არიან და კარგადაც იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, რომ კანონი არ დაერღვიათ“, -განაცხადა  გრიგოლ ქობალიანმა.

გადაეგზავნება თუ არა რომელიმე საქმე პროკურატურას, ამაზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება გასხვისებულ ობიექტებს, სამუშაო ჯგუფის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში გასხვისებული ობიექტების ნაწილი არ უნდა გასხვისებულიყო, თუმცა, მათივე ინფორმაციით, წინა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ობიექტები სკვერებად დაერეგისტრირებინა, რადგან სკვერის გაყიდვა გაცილებით მარტივი გამხდარიყო.

გრიგოლ ქობალიანის განმარტებით, ობიექტების გასხვისების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013-2015 წლებში ფიქსირდება.

„მე არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ობიექტების ნაწილი გასხვისდა ჩვენს დროს, მაგალითად კიბეებისათვის გასხვისდა უამრავი ტროტუარი. კიბე შეიძლება იყოს 5კვ,მ, მაგრამ 18 უკვე აღარაა კიბე. ჩვენ დავდეთ ანგარიში, შეისწავლის საკრებულო და გადაწყდება,  მიმართავენ თუ არა პროკურატურას“, - განაცხადა გრიგოლ ქობალიანმა.

ჯგუფის მუშაობის შესახებ შენიშვნა ჰქონდა დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატს ნატო ქათამაძეს. მისი თქმით, კომისიას უნდა შეესწავლა, არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისებული ობიექტების კანონიერება.

„როდესაც ამ ჯგუფის შექმნის წინადადება გავავრცელე, მე ვგულისხმობდი ყველა გასხვისებული ობიექტის კანონიერება შესწავლულიყო და არ მხოლოდ ის, თუ რა და როდის გასხვისდა. თუნდაც ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია, ასევე ნინოშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორია  როგორ გასხვისდა, თუ მოხდა ამის შესწავლა?“ - განაცხადა ქათამაძემ.

ქათამაძეს გრიგოლ ქობალიანმა უპასუხა, რომ სამუშაო ჯგუფი სწორედ, რომ 2006-2016 წლებში თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ობიექტების კანონიერებას სწავლობდა და არა ეკონომიკის სამინისტროსას, რომელმაც გაასხვისა ინფექციური საავადმყოფო. რაც შეეხება ნინოშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას, გრიგოლ ქობალიანი განცხადებით, ის 2004 წელს გასხვისდა.

დროებითი სამუშაო ჯგუფი გასული წლის ივლისში შეიქმნა. მას ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. სამუშაო დროის ერთი თვით გახანგრძლივება კვალვ ითხოვა ჯგუფის თავმჯდომარემ, რაზეც კანონის ფარგლები უარი განეცხადა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა