|
  • EUR 1 = GEL 3.2365
  • USD 1 = GEL 2.9279
|

ქუთაისში მორაგბე გიორგი კვირიკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ

მორაგბე გიორგი კვირიკაშვილის ნათესავებმა და ახლობლებმა დასავლეთ საქართველოს პროკურატურის წინ აქცია გამართეს. ისინი გიორგი კვირიკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. 

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, 18 მაისს ქუთაისში, ღამის საათებში მომხდარი ჩხუბის გამო მორაგბე და მისი ნათესავები გუშინ დაკითხვაზე დაიბარეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი დააკავეს.

მათი მტკიცებით, გიორგი კვირიკაშვილი მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა.  

 "უბანში ჩხუბის ფაქტს შევესწარით და ვაშველებდით, რამდენიმე დღის შემდეგ დაკითხვაზე დაგვიბარეს, რის შემდეგაც გიორგი დააკავეს.  გუშინ,  ღამის საათებში დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ბრალი ორი მუხლი აქვს წაყენებული, ხულიგნობისა და ძალადობის მუხლი, რაც აბსურდია. მოვითხოვთ უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას,"- განაცხადა დაკავებულის ბიძამ გია კვირიკაშვილმა. 

აქციის მონაწილეების თქმით,  დაკავებულის უდანაშაულობის დამტკიცებას ართულებს ის ფაქტი, რომ მათ ადვოკატები დახმარებაზე უარს ეუბნებიან. 

 "ჩვენ არ გვყავს ადვოკატი, რომ შევძლოთ მისი უდანაშაულობის დამტკიცება.  ეს ქალბატონი, რომელიც ჩივის, არის ადვოკატი ოლიკო კვინიკაძე. ის  მოუწოდებს თავის კოლეგებს, რომ არ დაიცვან ეს ადამიანი. ვისაც დავურეკეთ, ყველამ გვითხრა, რომ კოლეგის სოლიდარობის გამო ამ საქმეს ხელს ვერ მოკიდებენ. დაცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს, გიორგიმ ასეთი რა დააშვა, რომ ეს უფლება წაართვეს?!"- აცხადებენ დაკავებულის ახლობლები. 

 შსს-ში აცხადებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულია სსკოდექსის  239-ე ხულიგნობის და 126-ე ძალადობის მუხლით.

 ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისის სხვადასხვა სარაგბო გუნდში თამაშობდა, ამჟამად ის საფრანგეთში გეგმავდა საქმიანობის გაგრძელებას.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი