ქუთაისში ტრანსპორტის საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ახალი ავტობუსები მარტიდან გამოჩნდება და ის მუნიციპალური იქნება. მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლასთან დაკავშირებით, ახალი სატრანსპორტო კომპანია შეიქმნა.
კომპანიაში უკვე მუშაობენ ავტობუსების განრიგსა და კალკულაციაზე. კითხვაზე, გაძვირდება თუ არა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, კომპანიის ხელმძაღვანელის გიორგი გიორგობიანის თქმით, მერია ეცდება, რომ ტარიფი არ შეიცვალოს, თუმცა შესაძლოა, კომფორტულმა ტრანსპორტმა ტარიფის გაზრდა გამოიწვიოს.
"ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ საფასური არ შეიცვალოს და კომფორტთან ერთად გვქონდეს ძველი ტარიფი. მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ხარჯი ბევრად მეტი იქნება ახალი ავტობუსების, აუცილებელი იქნება, გადაიხედოს ტარიფი. მაგრამ ვცდილობთ, ტარიფი არ შეიცვალოს, თუმცა უნდა დავუშვათ ისიც, რომ კომფორტულმა მომსახურებამ თუ ტარიფი გაზარდა, ამის შესახებ, ვაცნობებთ მოსახლეობას. ჯერ არ შეიცვლება და ამაზე საუბარი შეგვეძლება სამ თვეში",-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი