ქუთაისში საცობების არიდების მიზნით, ნარჩენების შეგროვების დრო შეიცვალა
ქუთაისში ქუჩებიდან ნარჩენების შეგროვება- გატანის დრო შეიცვალა. მერიის გადაწყვეტილებით, საცობების არიდების მიზნით, ნარჩენების გატანა სპეციალური ავტომობილებით ადრე დილის და ღამის საათებში ხდება.
"იმისთვის, რომ დღის განმავლობაში საცობი არ შეიქმნას, ცვლილება მოხდა გრაფიკებში. ე.წ პიკის საათებში სკოლებთან და ცენტრალურ ქუჩებზე, საცობები რომ არ შეიქმნას, მცირე ტიპის დასუფთავების მანქანები მოძრაობენ. სპეცსერვისების 4 ავტომობილი დილის 5 საათიდან დილის 9 საათამდე მოძრაობს. საღამოს 5-დან 9-მდე მუშაობენ ე.წ მეორე კატეგორიის ავტომობილები, რომლებიც შედარებით მცირე ზომისაა და ქალაქში საცობს არ ქმნიან. იგივე კატეგორიის ავტომობილები მოძრაობენ დილის 8 საათიდან შუადღის 3 საათამდე, რათა ოპერატიულად მოახდინონ ნარჩენების გატანა.
რაც შეეხება ღამის ოპერატიული დასუფთავების ავტომობილებს, მუშაობას იწყებენ დილის 4 საათიდან და მუშაობენ 2 საათამდე", -აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილებასთან ერთად მოხდა მომსახურეობის პერიოდულობის გაზრდა.
"რამდენიმე ობიექტზე დასუფთავების მანქანების შესვლის რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, სკოლებზე, თუ აქამდე დასუფთავების მანქანები შედიოდნენ კვირაში ერთხელ, ახლა კვირაში 3 -ჯერ შედიან, რათა დროულად მოხდეს ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავება და მიმდებარე მოსახლეობას და სკოლებს პრობლემები არ შეექმნას. ასევე დაემატა დასუფთავების მანქანების მომსახურება კვების ობიექტებს, რათა დროულად მოხდეს ნარჩენებისგან გათავისუფლება და ქალაქი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული", -განაცხადეს მერიაში.
მსგავსი გადაწყვეტილება თავდაპირველად თბილისის მერიამ მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი