ქუთაისში კომკავშირის ქალაქკომის ყოფილი შენობა ძველ იერ-სახეს შეინარჩუნებს
ქუთაისში ყოფილი "კომკავშირის ქალაქკომის" შენობა, რომელიც მესხიშვილის თეატრის უკან, ნიუპოტისა და ბროსეს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, რეკონსტრუქციის შემდეგ ძველ იერ-სახეს შეინარჩუნებს.
"ქაჯაიას შენობის" სახელით ცნობილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციო და ამორტიზირებული იყო. გასულ წელს შენობას ახალი მფლობელი გამოუჩნდა. კომპანია შპს "გუდლაინი" 2011 წელს არის რეგისტირებული და მისი 20%-იანი წილის მფლობელი საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას მეუღლე ხატია სირბილაძეა.
კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაგან შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისათვის ნებართვა მიიღო. პროექტის თანახმად, შენობა იერ-სახეს არ შეიცვლის, მხოლოდ ერთი სართული დაემატება. ადგილზე ოთხსართულიანი სასტუმრო მოეწყობა. შენობაზე ამჟამად მეოთხე სართულის დამატების სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სასტუმტოს გახსნა 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ავტორი: ნიუპრესი