|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "რესპუბლიკურ" პარტიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

"რესპუბლიკური" პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარის შესარჩევად მიმდინარე არჩევნებში ფიქრია ხაჭაპურიძემ გაიმარჯვა. აღნიშნულ პოსტზე ის ნატო ქათამაძეს ჩაანაცვლებს. როგორც ნატო  ქათამაძე "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნავს,  მას თავმჯდომარეობისთვის არ უბრძოლია, რადგან დატვირთული რეჟიმი  აქვს.

"წლების მანძილზე ვარ პოლიტიკაში და თავმჯდომარეც ვიყავი. რაც შეეხება იმას,  მინდოდა, თუ არა ისევ ეს პოსტი, გეტყვით, რომ აღარ, რადგან ძალიან საინტერესო და ჩემთვის ახალ საქმეს ვიწყებ, აქედან გამომდინარე, დროის პრობლემა მექნებოდა, ამის გამო არც მიბრძოლია ამ პოსტისთვის. ასე რომ, არაა სიმართლე თითქოს წავაგე",–განაცხადა ქათამაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ახალ თავმჯდომარეს, ქათამაძე აღნიშნავს, რომ პარტია ყოველთვის კარგ არჩევანს აკეთებდა და იმედია, რომ ეს არჩევანიც ასეთივე იქნება.

 ფიქრია ხაჭაპურიძის განცხადებით,  ქათამაძემ მას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.

"რობინზონ წინწკალაძემ და ნუგზარ კაშიამ თავიანთ კანდიდატურებს აცილება გაუკეთეს და დავრჩით მხოლოდ მე და ნატო ქათამაძე.  ხმათა უმრავლესობით მე გავიმარჯვე. ქალბატონმა ნატომ მომილოცა გამარჯვება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. "რესპუბლიკურ" პარტიას გააჩნია ხელმძღვანელთა მონაცვლეობის უნიკალური ისტორია და ეს ყველაფერი ცივილურად ხდება, რაც აძლიერებს პარტიას", –განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ.

  ის თავმჯდომარის რანგში მომავალი ერთი წელი იმუშავებს. ხაჭაპურიძე ქუთაისის მერიაში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. 

.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი