ქუთაისში რუსული თეატრის გასტროლი პროტესტის მიზეზი გახდა
ქუთაისში რუსული თეატრის გასტროლი პროტესტი მიზეზი გახდა.
ფაქტს უარყოფითი შეფასება მოყვა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლობაში. ორგანიზაციის დამფუძნებლის გია გოქაძის განცხადებით, მომხდარში პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიას და იმერეთის გუბერნიას ეკისრება.
"8 ივლისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენა მოსკოვის ერთ-ერთი თეატრს ჰქონდა დათმობილი. ეს ხდება მტრის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის, ადამიანების გატაცებისა და სიცოცხლის განადგურების ფონზე, მაშინ როცა რუსული იმპერიალისზმი ყველა ფორმით ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობას!
რაც ყველაზე სამარცხვინოა, ამაში ჩართულია კულტურის სამინისტრო და სხვა ცენტრალური თუ ადგილობრივი სტრუქტურები, ღონისძიების მხარდამჭერთა შორის კი სანახევროდ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეთა გადასახადებით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელია.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია ან გაემიჯნება იმ პროცესს, რაც ქუთაისში რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურებას უკავშირდება და გამოწვევებთან ბრძოლებში უსუსურობას აღიარებს, ან შეუერთდება კულტურის სამინისტროს და ძალაუნებრუად აღმოჩნდება მტრის რიგებში, რომელმაც ამჯერად ახალი დესანტი "კულტურის და ხელოვნების" მუშაკთა სახით გადმოსვა საქართველოში"-აცხადებს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსკოვის თეატრის გასტროლთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და არც რაიმე კავშირში არიან.
მოსკოვის თეატრი - "ნიკიტინსკის კარიბჭე" ქუთაისში ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდა. თეატრმა ქუთაისში ნოდარ დუმბაძის რომანის - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"-ს მიხედვით დადგმული ორ მოქმედებიანი კომედია წარმოადგინა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია არკადი კაცი. მხატვრობა ავთანდილ კუტუბიძესა და კახა კამკამიძეს ეკუთვნით. გამოყენებულია ალექსანდრე ბასილაიას მუსიკა.
„ქუთაისის მერიას არანაირი კავშირი არ აქვს 8 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართულ სპექტაკლთან. აღნიშნული სპექტაკლი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. მეტ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ აღნიშნული გასტროლის შესახებ“, - განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა თამთა თურმანიძემ.
ასევე აღნიშნულ გასტროლთან დაკავშირებით ყველანაირი კავშირი უარყვეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.
ავტორი: ნიუპრესი