|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაპირისპირების მიზეზი გახდა

 საბოტაჟისა და მერიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობად შეაფასა ოპოზიციამ ქუთაისის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას მოთხოვნა, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვის გადადების შესახებ.
 
შენგელიას მოთხოვნა საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხებოდა.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ის საკითხის უკეთ მომზადებასა და მის საკრებულოს შემდგომ სხდომაზე განხილვას ითხოვდა.
 მისი მოთხოვნა საკრებულოზე კამათის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.
 
მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, საპრივატიზაციო სიაში კონკრეტული ობიექტები ვერ მოხვდა რამდენიმე მიზეზის, მათ შორის ამ ობიექტებისათვის სკვერის სტატუსის შესაძლო მინიჭების გამო.
 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესიკ ბრეგაძემ შენგელიას მოთხოვნა მერიისათვის ხელის შეშლის მცდელობით და შესაძლო პირადი ინტერესით ახსნა.
"ნაციონალურ მოძრაობას დებდნენ ხოლმე ბრალს საბოტაჟში, როცა რაიმე საკითხის მომზადებასა და დასამტკიცებლად ისე გამოტანას ვითხოვდით. ახლა შენგელიას მოთხოვნას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა საბოტაჟს და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ხელის შეშლის მცდელობას",- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
 
 
გიგა შუშანიას თქმით, ისინი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას ყოველთვის ხმას აძლევენ, რადგან მხარს უჭერენ ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიზნეს ინტერესები არ აქვთ.
 
პირად ინტერესებს გამორიცხავს ირაკლი შენგელია და განმარტავს, რომ საჭირო იყო წარმოდგენილ ნუსხას რამდენიმე ობიექტი დამატებოდა, თუმცა დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.
 
საკრებულოს  უმრავლესობის  დეპუტატის ერთი ნაწილი შენგელიას მოთხოვნის არგუმენტებს ითხოვდა, თუმცა გარკვეული პასუხი ვერ მიიღეს.  ამის გამო საკითხისათვის ხმის მიცემაზე თავი შეიკავეს. 
 
 
ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი დაამტკიცა, მათ შორის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ახალი ცვლილებები. დღევანდელ საკრებულოს სხდომას თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე უძღვებოდა.  
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა